Thumbnail
  • პოჩეტინოს ძლიერი მხარე ვარსკვლავებთან მუშაობა არასოდეს ყოფილა
  • მესის და ნეიმარს ბურთის და პოზიციის განაწილების პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ
  • პარი სენ-ჟერმენს დაცვასა და შეტევაში ბალანსი გაუჭირდება

‘არ ვიცი, როგორ აპირებს ბარსელონა, რომ გუნდური ფეხბურთის თამაშს, როცა მას ნეიმარი, მესი და სუარესი ჰყავს’ - ეს ლეგენდარული იოჰან კრუიფის სიტყვებია.

ბარსელონას დიდ სამეულს და ლუის ენრიკეს ‘ტრებლის’ მომგებ გუნდს დიადი ნიდერლანდელი ფრთხილი სკეპტიციზმით შეხვდა. მისთვის გვარდიოლას ბარსა უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ლუის ენრიკეს სუპერვარსკვლავური ტრიო.

ახლა ეს კითხვა უკვე პარიზს აწუხებს. ნეიმარი და მესი ისევ ერთად არიან, იქვეა კილიან მბაპე. შესაძლოა, პლანეტის სამი საუკეთესო მოთამაშე ახლა სწორედ პსჟ-ს ჰყავს. არ ვიცი, ნეიმარზე რას ფიქრობთ და მესი და მბაპე რომ საუკეთესოებს შორის არიან, ეს არც განიხილება. მათი გუნდში ერთად ყოფნა თან ფუფუნებაა და თან რთული ტაქტიკური გამოწვევა. რას ველოდოთ წლევანდელი პარი სენ ჟერმენისგან?

რამდენად მზადაა პოჩე?

‘ფეხბურთელების მთავარი საქმე არის ვარჯიში, თამაში მხოლოდ ბონუსია’ - ასეთი იყო პოჩეტინოს მიდგომა საუთჰემტონსა და ტოტენჰემში. პოჩე პარიზში თითქმის შემთხვევით მოხვდა. თომას ტუხელს გუნდის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა და შუა სეზონში გუნდიდან წასვლა მოუწია. ცაიტნოტში პსჟ-ს ბევრი კარგი ოპცია არ ჰქონდა და ბაზარზე არსებულ თავისუფალ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი ვინც იყო, სწორედ ის დანიშნა სასწრაფო წესით.

არადა, პოჩეს და პსჟ-ს პროფილი ერთამენთს თითქოს არ ერგება. პოჩეტინომ სახელი ინგლისში იმით გაითქვა, რომ მოთამაშეებს ვარჯიშებზე კატორღულად ამუშავებდა, მერე მის ხელში ახალგაზრდები სწრაფად პროგრესირებდნენ და მისი გუნდებიც სწრაფ, დინამიურ და მორბენალ ფეხბურთს თამაშობდნენ. პოჩეს გუნდების მთავარი სახასიათო ნიშანი მაღალი და აგრესიული პრესინგი იყო. მის ხელში ახალგაზრდა ჰარი კეინი, დელი ალი, კრისტიან ერიკსენი და სხვები ვარსკვლავებად იქცნენ.

პოჩეტინოს პარიზში რთული მისია აქვს - აუცილებლად ყველაფერი უნდა მოიგოს

პარიზში არგენტინელს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა დახვდა. იქ ახალგაზრდების ვარსკვლავებად ქცევა კი არა, გამზადებული სუპერტალანტების მართვაა საჭირო. მათთვის თამაშის ახლიდან სწავლებას პოჩეტინოს არავინ თხოვს. ამ კლასის და კალიბრის ვარსკვლავების თავისი მეთოდოლოგიით ვარჯიშიც პოჩეს ალბათ არ გამოუვა. ძალიან მეეჭვება, ნეიმარს უთხრას, შენი საქმე ჯერ ვარჯიშია და მერე თამაშს მე გადავწყვეტო. წინა სეზონში შედეგებიც დიდი ვერაფერი - პსჟ-მ ლიგის ნახევარფინალიც დათმო და შიდა ჩემპიონატიც ლილს გაატანა.

მოკლედ, პოჩეტინო სახლში არ არის და მისთვის უჩვეულო ამოცანის შესრულება უწევს. ისიც ვიცით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის თავისივე ნებით წასვლაზე უარს არ იყო, თუმცა პსჟ-მ არ გაუშვა. ახლა არგენტინელს თავისი კარიერის მისიის შესრულება მოუწევს. პარიზში ლეო მესი ჩავიდა და მასთან ერთად ჯიჯო დონარუმა, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი და ჯორჯინიო ვეინალდუმი. მსოფლიო ნაკრები თუ გინდათ, ეს არის. პოჩემ ან ყველაფერი უნდა მოიგოს, ან მისი ეს სეზონი წარუმატებლობა იქნება - უკანდასახევი გზა არ აქვს.

მოკლედ, პსჟ თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან სეზონს არაპროფილური მწვრთნელით იწყებს. პოჩეს ძლიერი მხარე ტიტულების მოგება არასოდეს ყოფილა - ის უფრო სათამაშო პროგრესის მომტანი მწვრთნელი იყო. არადა, პსჟ-ს კი პროგრესი კი არა, ტიტულები სჭირდება.

‘ორი მესი’ ერთად?

ნეიმარი და მესი ბარსელონაში ძალიან ჰარმონიულ დუეტს ქმნიდნენ. თუმცა, ამის ამოსავალი ის იყო, რომ ორივე ძალიან კარგად ინაწილებდა ზონებს. მესი მის საყვარელ, ცენტრალურ ზონაში იყო გამწესებული, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, ნეიმარი კი უფრო მარცხნიდან თამაშობდა - მარცხენა შემტევი იყო, რომელსაც თავისი მარჯვენა ფეხით ძალიან უყვარდა ცენტრისკენ შემოწევა.

პარიზში ნეიმარს უკვე საკუთარი გუნდი ჰყავს და მისი პოზიცია და სათამაშო ფუნქცია განსხვავდება იმისგან, რასაც ის ბარსელონაში აკეთებდა. ნეიმარი ახლა პსჟ-ს ‘მესია’ - შეტევის მთავარი ორგანიზატორი და უფრო მეტად თამაშობს ცენტრისკენ, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს - ანუ, მესის ზონაში.

მესი და ნეიმარი პარიზში გაერთიანდნენ

ნეიმარის ისევ მარცხნივ გადაწევა რთული ამოცანა უნდა იყოს, რადგან პარიზელებს მბაპეც ჰყავთ, რომელსაც ასევე მარცხნიდან უყვარს თამაში და იქიდან შედის ცენტრში. ანუ, პოჩეტინოს მოუწევს, სწორად გაანაწილოს სივრცე თავის შემტევ სამეულს შორის. მათი ბუნებრივი სათამაშო ზონები იკვეთება.

სივრცის განაწილების გარდა, მას ბურთის განაწილებაზე ზრუნვაც მოუწევს. მესის ბოლო სეზონში მოედნის მეტოქის მესამედზე თავისი გუნდის სათამაშო დროის 18 პროცენტი ჰქონდა ბურთი, რაც ძალიან დიდი შედეგია. ნეიმარს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი - 22.4 პროცენტი ჰქონდა, ხოლო მბაპეს - 17. თუ პოჩემ მესის მისვლასთან ერთად ბურთის ფლობის მაჩვენებელი სწორად არ გადაანაწილა, შარშანდელი სტატისტიკით გამოვა, რომ შეტევაში 60 პროცენტი ბურთი მხოლოდ ამ სამ მოთამაშეს ექნება. ერთი მხრივ, თითქოს რა ჯობია იმას, როცა ბურთი მესის და ნეიმარს აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, მეტოქის დაცვისთვის თამაში უფრო იოლია, როცა ბურთი არ მოძრაობს და მას შეტევის დროს უმეტესად მხოლოდ 3 მოთამაშე ეხება.

ლიონელ მესი და კილიან მბაპე

ბოლო 4 წელიწადში ე.წ. გამოყენების ინდექსით, რომელიც ითვლის, თუ რა დონეზეა მოთამაშე თავისი გუნდის თამაშში ჩართული, პირველი ოთხი ადგილი ნეიმარს უკავია - ანუ, ოთხივე სეზონში მთელი ევროპის მასშტაბით გამოყენების 23-25 პროცენტით ის პირველ ადგილზე იყო. მეხუთე-მეექვსე პოზიციაზე კი მესია 2018-2019 და 2019-2020 წლების სეზონში. ისევ მივდივართ ბურთის და სივრცის განაწილების პრობლემასთან. ბარსელონას ნეიმარისგან განსხვავებით პსჟ-ს ნეიმარი ბევრად უფრო ხშირად ეხება ბურთს და მეტად იღებს თამაშს თავის თავზე - აკეთებს იმას, რასაც, ჩვეულებრივ მესი აკეთებს ხოლმე, თანაც ის უფრო მეტად არის არგენტინელის ზონაში გადმოწეული.

სათამაშო სქემა და სისტემა

ნათელია, რომ მესი, ნეიმარი და მბაპე ძირითადში მუდამ იქნებიან. ჩნდება კითხვა: რა სათამაშო სქემით შეიძლება პოჩეტინომ ისარგებლოს? ყველაზე რეალისტური ალბათ 4-3-3 უნდა იყოს, როცა ამ შემტევი სამეულის უკან ვერატი-პარედესი-ვეინალდუმის სამეული განლაგდება.

პსჟ-ს დი მარიაც ჰყავს, დრაქსლერიც და იკარდიც, თუმცა ამ შემტევ სამეულთან ერთად მეოთხე შემტევის განლაგება უფრო ‘ფენტეზი ფუტბოლის’ სამყაროა - რეალურად, სათამაშო ბალანსს დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ძალიან დაარღვევს.

პოჩეტინოსთვის კარგი ის არის, რომ ახლა მას გუნდში უკვე ჰყავს აშრაფ ჰაკიმი, ძალიან აქტიური მარჯვენა მცველი, რომელიც შეტევაში კარგად მიდის. მაშინ, როცა მარცხენა ფლანგზე ნეიმარსაც უყვარს თამაში და მბაპესაც, მარჯვნივ პარიზელებს ნომინალური შემტევი ალბათ არ ეყოლებათ და მთელი ფლანგის კონტროლს ჰაკიმის დაავალებენ. მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. მაროკოელს ყველა შანსი აქვს, პარიზელთა დანი ალვეში გახდეს.

მთავარი კითხვა თამაშის დაცვით ნაწილს ეხება, თორემ შეტევაში გასაგებია, რომ ამ სამეულს ყველაფერი შეუძლია.

ნეიმარი და მესი დაცვით ამოცანებში მონაწილეობას თითქის არასოდეს იღებენ. ბარსელონაში ბრაზილიელს მარცხენა ფლანგის კონტროლი დავალებული ჰქონდა და უკან ჩასვლაც უწევდა ხოლმე. პარიზში ის ამ ამოცანისგან თავისუფალია.

გამოდის, რომ პოჩეს ერთდროულად სულ მცირე ორი მოთამაშე ჰყავს (მესი, ნეიმარი), რომელიც უკვე ბევრი წელია მიჩვეულია, რომ დაცვითი ამოცანებისგან თავისუფალია. არგენტინელი ამ შემადგენლობით ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს მისი საყვარელი მაღალი პრესინგის თამაშს. ანუ, პარიზელებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწევთ დაცვაში, სიღრმეში ჩამოწევა და ორი ოთხკაციანი ზოლის დაყენება.

პსჟ-ს წარმატება მბაპეზე მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებული

აქ კითხვა ჩნდება - ვინ იქნება ის შემტევი, რომელიც მეტოქის შეტევის დროს ფლანგზე დაიწევს და დაცვით ფუნქციებს შეასრულებს. ფიზიკურად ყველაზე უკეთ ამისთვის მზად კილიან მბაპეა. უფრო სწორად, ის ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. მესი და ნეიმარი დაცვით ფუნქციებს ვერ შეასრულებენ. ევროპის ჩემპიონატზე მბაპე, რომელსაც გამოკვეთილ ფორვარდ ბენზემასთან უწევდა თამაში, ამას აკეთებდა ხოლმე. თუმცა, საკითხავია, რამდენად მოინდომებს მთელი სეზონის განმავლობაში მესის და ნეიმარის ნაცვლად შავი საქმის კეთებას. მისი ამბიციიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ეს მაინცდამაინც არ ეხალისებოდეს.

სურვილის გარდა, პოზიციური საკითხიც საინტერესოა. იმისთვის, რომ ფლანგი დაცვის დროს დაკეტო, მასთან ახლოს უნდა იდგე. როცა პსჟ ბურთს მაშინ დაკარგავს, როცა მბაპე მეტოქის საჯარიმოში იქნება, მას თავის ფლანგამდე ჩამოსასვლელად 30-40 მეტრის გაქცევა მოუწევს. სისტემატიურად ამის კეთება ძალიან რთულია. სხვანაირად, მბაპემ უფრო მეტად ფლანგზე უნდა ითამაშოს და უფრო ნაკლებად მეტოქის საჯარიმოში. არც ეს იქნება იოლი ამოცანა, რადგან ეს გოლებზე უარის თქმას ნიშნავს. შემთხვევითი არ არის, რომ მესის ტრანსფერის მერეც ფრანგი რეალში წასვლას მაინც ჯიუტად ითხოვს და ახალ კონტრაქტზე პარიზელებს უარს ეუბნება.

დასკვნა

პოჩეტინოს ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი სამეული ჰყავს, თუმცა წარმატებისთვის რამდენიმე ტაქტიკური დილემა უნდა გადაჭრას: მესის და ნეიმარს შორის ბურთის, სივრცის და პოზიციის სწორი განაწილება და თამაშის დაცვითი ნაწილი. არადა, როგორც ზემოთ გითხარით, ის უფრო სხვა ტიპის მწვრთნელია. სულ მალე ვნახავთ, პარიზელთა შემტევი სამეული როგორ დალაგდება. პსჟ წელს გარანტირებულად სეზონის მთავარი სანახაობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები