Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა განვლილ ევრო 2020-ზე ისაუბრა
  • 52 წლის სპეციალისტი შედეგზე პასუხისმგებლობას არ გაურბის
  • დიდიე დეშამი კილიან მბაპესგან გაცილებით მეტს მოელოდა

ევრო 2020-ის მთავარ ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა. დიდიე დეშამის გუნდმა ტურნირში გამოსვლა 1/8-ფინალში დაასრულა, სადაც შვეიცარიასთან პენალტების სერიაში წააგო (3:3, 4:5).

52 წლის დეშამმა ფრანგულ მედიასთან ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამოსვლა შეაფასა:

"ყველაზე მძიმე იმის გადახარშვაა, რომ ვერ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც შეგვეძლო. ამაზე აქამდე ვფიქრობ. ჩვენს დნმ-ში ყოველთვის იყო გამძლეობა, მაგრამ 3:3-ზე გარკვეული ნერვიულობა აუცილებლად გეწყება. კომანს ჰქონდა გატანის შანსი, იყო ხარიხა… რეალისტები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი, სტადიონზე ან მის გარეთ მყოფი ადამიანი, ვინც თამაშს უყურებდა, 3:1-ზე ვერ იტყოდა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით. თავის გამართლებას არ ვცდილობ. ვიცი, რომ ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. ჩვენს გამოვარდნაზე ბევრმა რამემ იმოქმედა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. წინასწარ შედგენილმა ტაქტიკურმა გეგმამ ვერ იმუშავა", - ამბობს სპეციალისტი.

დიდიე დეშამს კილიან მბაპესი ტურნირის ბოლომდე სჯეროდა

დეშამმა ევროპის ჩემპიონატზე კილიან მბაპეს გამოსვლაზეც ილაპარაკა. პსჟ-ის ფორვარდმა მოლოდინი ვერ გაამართა - ტურნირის 4 მატჩში ითამაშა და მხოლოდ 1 საგოლე პასი მიითვალა.

"დაზუსტებით შემიძლია თქმა, რომ ის ტურნირს სათანადო განწყობით შეხვდა, მაგრამ არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც მსურდა, რომ ყოფილიყო. ზოგიერთები ამბობენ, რომ თამაშის მიმდინარეობისას უნდა შეგვეცვალა. მისი დონის მოთამაშეებთან მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ჩნდება დილემა. მბაპე ის ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია ყველაფრის შეცვლა, მიუხედავად იმისა, თამაშობს თუ არა კარგად", - ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი. 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა, იტალიის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ფინალში ინგლისი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები