Thumbnail

ჭიდაობა | დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის რუს მეტოქეს დაუპირისპირდება
  • ბრინჯაოს მედლის აღების შანსს ინარჩუნებს გიორგი შპეტიშვილი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ.) რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ჩხიკვაძემ კვალიფიკაციაში ფრანგ იანის ნიფრის 9:0 სძლია, მერვედფინალში ფინელ კასპერი კაუჰანენს 8:1 მოუგო, მეოთხედფინალში თურქი ისმაილ ორუჯოღლუ დაჯაბნა (3:0), ნახევარფინალში კი შვედი ნიკლას ოელენი დაამარცხა – 6:0. ფინალში, რომელიც ხვალ გაიმართება, ქართველი ფალავნის მეტოქე რუსი საიდ ხუსეინ ბაკაევი იქნება.

დიეგო ჩხიკვაძემ პირველ ორთაბრძოლაში ფრანგ იანის ნიფრის 9:0 სძლია

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს გიორგი შპეტიშვილი (77 კგ.), რომელმაც პირველივე ორთაბრძოლა წააგო (0:8) ისლამ ალიევთან და ვინაიდან რუსი მოჭიდავე ფინალში გავიდა, ქართველი რეპეშაჟში გადავიდა. ხვალ, შპეტიშვილი ყირგიზ ბაკდაულეტ ეგენბერდიევს გაჯიბრება, წარმატების შემთხვევაში, თურქი იუკსელ სარიჩიჩეკი ელის და თუკი მასაც აჯობა, მე-3 ადგილისთვის მოლდოველ ალექსანდრინ გუტუს შეხვდება.

დღესვე ხალიჩაზე გიორგი თოხაძე (55 კგ.), გიორგი მეტრეველი (87 კგ.) და მათე გოქაძე (130 კგ.) გავიდნენ, თუმცა, პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და ვინაიდან, ის მოჭიდავეებიც გამოვარდნენ, რომლებმაც მათ აჯობეს, ქართველები რეპეშაჟშიც ვერ მოხვდნენ.

ბერძენ-რომაელები პირველ მედალოსნებს ხვალ გამოავლენენ და 21 აგვისტოს საქმეში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც ჩაებმებიან. ქართველთაგან ტურნირზე დიმიტრი ხაჩიძეს (60 კგ.), ლუკა ოჩიგავას (67 კგ.), გიორგი ჩხიკვაძეს (72 კგ.), საბა მამალაძესა (82 კგ.) და ლაშა ტვილდიანს (97 კგ.) ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 9 სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა, 1 მედლის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები