Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში ვალენსია გრანადას შეხვდება და დიდი შანსია, რომ გიორგი მამარდაშვილმა "ღამურების" კარი ისევ დაიცვას. აღსანიშნავია, რომ გუნდის მთავარი მეკარე იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ის განაცხადშიც შეიყვანა.

ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა მას, რა თქმა უნდა, მამარდაშვილი-სილესენის კონკურენციაზეც ჰკითხეს. "სილესენი კარგადაა და ნორმალურად ვარჯიშობს, ის გუნდის განაცხადში დაბრუნდა. როგორც წესი, ძირითად შემადგენლობას საჯაროდ არ ვასახელებ მანამ, სანამ თვითონ ფეხბურთელებს არ გავაცნობ. გიორგი ძალიან კარგი იყო და სილესენი დიდებული მეკარეა. ხაუმეს გარდა, შეგვიძლია, რომ ყველა მეკარე ჩვენს განკარგულებაში იყოს და ეს ბრწყინვალე ამბავია. ხვალ გაიგებთ, ვინ იქნება კარში", - თქვა ბორდალასმა.

მატჩამდე ბოლო ვარჯიში ვალენსიამ 'მესტალიაზე' გამართა

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გავლენიანი ესპანური გამოცემის (მარკა, ასი, სპორტი) სავარაუდო შემადგენლობაში ამ დრომდე მამარდაშვილია შეყვანილი და ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ვალენსიას კარს "ლოს კარმენესზე" 20 წლის ქართველი კიპერი დაიცავს. გიორგისთვის ეს ნაცნობი სტადიონია - იქ 2020 წლის სექტემბერში ითამაშა, როცა თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა და ქართული გუნდი ევროპალიგაზე გრანადას შეხვდა. მაშინ, მის კარში ესპანელებმა 2 გოლი გაიტანეს, მაგრამ ქართველი მოედანზე საუკეთესო იყო.


შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის პირველ ტურში ხეტაფესთან (1:0) ბრწყინვალედ ითამაშა, 4 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა. ნიჭიერ კიპერს იმდენად შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა, რომ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა და ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები