Thumbnail
  • პედრო როდრიგესმა ლაციოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მაურიციო სარი ესპანელ ფეხბურთელს კარგად იცნობს

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი პედრო რომადან ლაციოში გადავიდა - "არწივების" ვებგვერდმა ტრანსფერი დაადასტურა. 34 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

პედრო ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა და რომას შემადგენლობიდან პრაქტიკულად გარიცხული იყო. შედეგად, მოახერხა და "ჯალოროსისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, მერე კი მეორე რომაულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ესპანელი ლაციოში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში მისი ანაზღაურება 2 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ბიანკოჩელესტეში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

პედრომ გასულ სეზონში რომას მაისურით 40 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო წლები ბარსელონაში აქვს გატარებული და 2007-2015 წლებში 321 მატჩში თავი 99-ჯერ გამოიჩინა. 2015-2020 წლებში ის ლონდონის ჩელსის ღირსებას იცავდა და 206 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა. ესპანელს კარგად იცნობს ლაციოს ახალი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, რადგან ისინი ერთად ჩელსიში მუშაობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები