Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნთან ერთად ყველაფერი მოგებული აქვს
  • Sky Sports-ის ინფორმაციით, პოლონელს მიუნხენიდან წასვლა სურს

ბაიერნის გულშემატკივრებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ პარალელურად, ისეთი ამბავიც ვრცელდება, რომ შესაძლოა, რეკორდმაისტერისთვის ასეც ჯობდეს…

როგორც Sky Sports იტყობინება, რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენურ გრანდში დიდხანს, ანუ, კარიერის ბოლომდე დარჩენა არ სურს და ახალი გამოწვევები იზიდავს. პოლონელი გოლეადორი შაბათს 33 წლის ხდება და როგორც ირკვევა, სხვა ტოპ-კლუბშიც სურს ძალების მოსინჯვა მანამდე, სანამ 35 წლის გახდება და კარიერის დასრულებაზე ფიქრი მოუწევს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბაიერნი ლევანდოვსკის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 117 მილიონი ევრო) ითხოვს. აქვე აღსანიშნავია, რომ პოლონელს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. გამოდის, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერი ან ახლავე უნდა განხორციელდეს, ანაც გაისად, რადგან 35 წლის ასაკში მისი გადაბირება გრანდებს, დიდი ალბათობით, აღარ მოუნდებათ.

გერმანული მედია ჯერ კიდევ მაისში იტყობინებოდა, რომ ლევანდოვსკის მრჩეველმა პინი ზაჰავიმ ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებს პოლონელის ტრანსფერზე ჩამოუგდო სიტყვა, მაგრამ მაშინ მტკიცე უარი მიიღო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ზაჰავი ბაიერნის შეფებთან დალაპარაკებას ისევ გეგმავს, რადგან რობერტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სანამ 35 წლის გახდება, რომელიმე სხვა გრანდთან გააფორმოს სარფიანი კონტრაქტი. ცნობისთვის, ახლა მისი ხელფასი ბაიერნში წელიწადში 20 მილიონი ევროა - ლევანდოვსკი რეკორდმაისტერის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.

მიუნხენში ლევანდოვსკის შემცვლელად ჰაალანდი სურთ

გერმანული “კიკერი” წერს, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერი ამ ზაფხულს უკვე გამორიცხულია, მაგრამ გაისად სხვა სიტუაცია იქნება. საქმე ისაა, რომ 2022 წლის ზაფხულში ერლინგ ჰაალანდს დორტმუნდიდან წასვლა 75 მილიონ ევროდ შეუძლია, ბაიერნის ხელმძღვანელებს კი ნორვეგიელი ლევანდოვსკის შემცვლელად სურთ...

კომენტარები

ბოლო ამბები