Thumbnail
  • ჯანლუიჯი დონარუმას ინტერვიუ 'კორიერე დელო სპორტთან'
  • 22 წლის მეკარემ მილანზე, პსჟ-სა და ევრო 2020-ზე ისაუბრა

პარი სენ-ჟერმენის ახალწვეულმა და ეროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯანლუიჯი დონარუმამ მილანის დატოვების შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა. 22 წლის მეკარემ "კორიერე დელო სპორტს" მისცა ინტერვიუ, სადაც "როსონერიდან" წასვლის შესახებ დეტალურად ილაპარაკა:

"არ მინდა, ბოლო სეზონზე ვისაუბრო - დღეს ამას აზრი არ აქვს და უმჯობესია, თემა შევცვალოთ. მილანში 8 წელი გავატარე, ეს იყო ჩემი სახლი და მშვენიერი მოგონებები მაქვს. მილანი დღესაც მხიბლავს, დიდ პატივს ვცემ იქ მომუშავე ადამიანებს და 'როსონერის' გულშემატკივრებს. განსხვავებული ამბიციები გვქონდა და ცვლილების დრო იყო. ყოველთვის დავრჩები მილანის გულშემატკივრად. ეს 8 წელი დაუვიწყარია, მაგრამ ცვლილებები მჭირდებოდა გაზრდისთვის - მინდა, ყველაზე ძლიერი გავხდე. ჩემს კარიერასთან დაკავშირებით არჩევანს ყოველთვის მარტო ვაკეთებდი, ჩემი ოჯახი ამ საკითხში თავისუფლებას მაძლევდა და იგივე გააკეთა მინომაც (რაიოლა). ის 100%-ით პატივს სცემს თავისი კლიენტების სურვილებს. როდესაც მილანიდან წავედი, სხვა გუნდებთან კონტაქტი არ მქონია - გეფიცებით, რომ ასეა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად თამაშის შემთხვევაში წინადადებებს მივიღებდი", - თქვა დონარუმამ.

მილანში დონარუმამ 251 თამაში ჩაატარა

ევრო 2020 კი მისთვის კარიერის პიკი გამოდგა - შესანიშნავად ითამაშა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარისთვის უნიკალური შედეგია. ჯიჯომ კონტინენტის პირველობაც გაიხსენა, რომელიც იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა:

"ფანტასტიკური 50 დღე იყო შეკრების დაწყებიდან "უემბლის" ფინალამდე. ხანდახან, იუთუბზე შევდივარ და ჩვენი თავგადასავლის მომენტებს ვუყურებ. თანაგუნდელებს ჩატი გვაქვს გაკეთებული და ხშირად ვსაუბრობთ. ეს გამარჯვება მანჩინის ეკუთვნის, ის საოცარი მწვრთნელია. გუნდში არ იყო არანაირი სიმძიმე, ან მოწყენილობა, ერთიანი გუნდი ვიყავით," - თქვა დონარუმამ.

ევრო 2020-ის კულმინაცია - ჯიჯო ფინალში გადამწყვეტ პენალტს იგერიებს

იტალიელმა მეკარემ პარი სენ-ჟერმენზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სადაც არაერთი ვარსკვლავის თანაგუნდელი გახდა: "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შარშან გუნდმა ლიგა 1 ვერ მოიგო, მაგრამ რეალური მიზანი სხვაა - ჩემპიონთა ლიგა. პსჟ დიდი ხნის განმავლობაში მეპატიჟებოდა, მაგრამ იმ მომენტში პრიორიტეტი მილანი იყო. დღეს, იმავე მილანის წყალობით თავს უფრო თავდაჯერებულად, ზრდასრულად ვგრძნობ და ტექნიკურადაც მოვუმატე."

საინტერესოა, რომ 2011 წელს, ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დონარუმა შეიძლებოდა იუვენტუსში მოხვედრილიყო. ის ტურინელთა ბაზაზე სინჯებზე მიიწვიეს, თავის გამოჩენაც შეძლო, მაგრამ საბოლოოდ იუვენტუსის აკადემიაში არ დარჩა: "დიახ, ეს სიმართლეა, მაგრამ მაშინ სახლის დატოვება არ მინდოდა, ეს ძალიან ადრე იყო", - დასძინა დონარუმამ.

ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში 2015 წლის ოქტომბერში შედგა. მას შემდეგ ის მილანის პირველი მეკარე 6 წლის განმავლობაში იყო. იტალიის ნაკრებში ჯიჯოს დებიუტი 2016 წელს ჰქონდა, ხოლო პირველი მეკარის სტატუსი ჯანლუიჯი ბუფონის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ (2018 წლიდან) მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები