Thumbnail
  • სუპერვარკვლავები NBA-ს ვიდეოთამაშის შემქმნელებს აკრიტიკებენ
  • ლებრონ ჯეიმსმა, კევინ დურანტმა და ტრეი იანგმა ხმა აიმაღლეს

კალათბურთის მეგავარსკვლავები ვიდეოთამაშ NBA2K22-ში თავიანთი მონაცემებით უკმაყოფილოები არიან და ამას არც მალავენ!

ყველაზე პოპულარული საკალათბურთო ვიდეოთამაში NBA2K22 10 სექტემბერს უნდა გამოვიდეს (ფასი აშშ-ში: 69,99 დოლარი, Playstation 4 და 5, ასევე Xbox და PC). მანამდე, ცნობილი გახდა, რა მონაცემები ექნებათ თამაშში NBA-ს სუპერვარსკვლავებს და უმეტესობა უკმაყოფილოა.

მაგალითად, ბრუკლინ ნეტსის ლიდერ კევინ დურანტს 96 აქვს, რამაც 32 წლის სუპერვარსკვლავი ძალიან გაანაწყენა - მას მიაჩნია, რომ მეტს იმსახურებს. “ყველაფერს დიდებულად ვაკეთებ, ძალიან მაგრად ვშრომობ და მიმაჩნია, რომ ყველაფერი იდეალურად გამომდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ 99 უნდა მქონდეს.” - აცხადებს KD, რომელსაც შარშანაც 96 ჰქონდა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის კომენტარი იმაზე, არის თუ არა დურანტის 96 ნორმალური: “არა! მას 99 უნდა ჰქონდეს! ისევე, როგორც სტეფ კარის.” აქვე ვთქვათ, რომ გოლდენ სტეიტის ლიდერსაც 96 აქვს.

ლებრონ ჯეიმსი NBA2K-ს შემქმნელებს არ ეთანხმება

თამაშის ანალიტიკოსებმა ატლანტას ახალგაზრდა ვარსკვლავის, ტრეი იანგის შესაძლებლობები 89-ით შეაფასეს. აი, 22 წლის იანგის კომენტარი: “მეჩვენება თუ ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება? ოდესმე ყველას სწორად შეაფასებთ?”

NBA-ს სუპერვარსკვლავების საერთო მონაცემები NBA2K22-ში

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) - 96
კევინ დურანტი (ბრუკლინი) - 96
სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) - 96
იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი) - 96
ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) - 95
ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია) - 95
ლუკა დონჩიჩი (დალასი) - 94
დამიან ლილარდი (პორტლენდი) - 94
ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი) - 94
ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) - 90
ტრეი იანგი (ატლანტა) - 89
კრის მიდლტონი (მილუოკი) - 88
ჯრუ ჰოლიდეი (მილუოკი) - 85
ლამელო ბოლი (შარლოტი) - 84

შეგახსენებთ, რომ 99, რაც მაქსიმუმია, მხოლოდ ისეთმა ლეგენდებმა მიიღეს, როგორებიც მაიკლ ჯორდანი, მეჯიქ ჯონსონი და კარიმ აბდულ-ჯაბარი იყვნენ. 2001 წელს კევინ გარნეტი პირველი აქტიური კალათბურთელი გახდა, რომელმაც 99 დაიმსახურა. მერე იყვნენ შაკილ ო’ნილი, ტიმ დანკანი, კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი და კრის პოლი. NBA2K14-ის შემდეგ კი ასეთი შეფასება არცერთ მოქმედ მოთამაშეს აღარ მიუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები