Thumbnail

USAToday-მ NBA-ს საზაფხულო ლიგის საუკეთესო 15 კალათბურთელი შეარჩია და მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიც დაასახელა. მილუოკი ბაქსის ქართველი ფორვარდი მე-3 სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს, რაც დიდი წარმატებაა იმის გათვალისწინებით, რომ ლას ვეგასში დრაფტის პირველ რაუნდში არჩეულმა არაერთმა კალათბურთელმა ითამაშა, სანდრო კი ბაქსმა მხოლოდ დრაფტის მიწურულს – 54-ე ნომრად აიყვანა.

საინტერესოა, რომ მე-3 სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ევან მობლიც, რომელსაც კლივლენდ კავალიერსმა დრაფტზე მე-3 არჩევანი დაახარჯა, ასევე – ჯერემია რობინსონი-ერლი (32-ე) და სანდრო მამუკელაშვილი. “ამ ორმა საზაფხულო ლიგაში ძალიან შედეგიანად ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ დრაფტის მე-2 რაუნდში არჩეულებში საუკეთესოებადაც კი გამოიყურებოდნენ”, - წერს აღნიშნული ვებ-გვერდი. აქვე სიმბოლურ ხუთეულებს სრულად გაგაცნობთ.

პირველი ხუთეული: კემ ტომასი (ბრუკლინი), დევიონ მიტჩელი (საკრამენტო, მე-9 ნომერი დრაფტზე), ჯეილენ ჯონსონი (ატლანტა, მე-20), ტრეი მერფი (ნიუ ორლეანი, მე-17), ალპერენ სენგუნი (ჰიუსტონი, მე-16).

მეორე ხუთეული: კეიდ კანინგემი (დეტროიტი, 1-ლი), ჯეილენ გრინი (ჰიუსტონი, მე-2), ლუკა გარზა (დეტროიტი, 52-ე), ჯონატან კუმინგა (გოლდენ სტეიტი, მე-7), ეუჯენ ომორუი (დალასი).

მესამე ხუთეული: კრის დუარტე (ინდიანა, მე-13), მოსეს მუდი (გოლდენ სტეიტი, მე-14), ევან მობლი (მე-3, კლივლენდი), ჯერემია რობინსონი-ერლი (ოკლაჰომა სიტი, 32-ე), სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი, 54-ე). 

შეგახსენებთ, რომ მილუოკი ბაქსმა სანდრო მამუკელაშვილს უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ის სეზონში 50 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი - G ლიგაში. საზაფხულო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და სოლიდური საშუალო მონაგარი ჰქონდა: 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა (3.6 შეტევაში), 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრა.

კომენტარები

ბოლო ამბები