Thumbnail
  • მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა
  • ბრალდებულს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებოდნენ
  • ოლიმპიური ჩემპიონი თავს დამნაშავედ არ ცნობს

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.

ადვოკატებმა პროცესზე ყოფილი ძიუდოისტისთვის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ამასთან, ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები: ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ძიუდოისტები: ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, ასევე - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

პროცესზე ზვიადაურმა განაცადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო...", - აქვეყნებს ზვიადურის სიტყვებს formulanews.ge.

საქმე 16 აგვისტოს, წინანდალში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ეხება, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაურია. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს.

ყოფილ სპორტსმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ედება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ. წონით კატეგორიაში მოახერხა ოქროს მედლის მოგება და ის დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. შემდგომში ზვიადაური საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები