Thumbnail

'ბავშვობის ოცნება ამიხდა' - იუვენტუსმა მანუელ ლოკატელი დაიმატა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსმა მანუელ ლოკატელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
  • 23 წლის ფეხბურთელი ბავშვობიდან ტურინელთა ქომაგია
  • ის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია

იუვენტუსმა მანუელ ლოკატელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და შემდეგ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ლოკატელი იუვემ სასუოლოდან 2-წლიანი იჯარით დაიმატა, 2023 წლის ზაფხულში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება, რის სანაცვლოდაც 25 მილიონი ევროს გაიღებს და კონტრაქტი ძალაში 2026-წლამდე შევა. გარიგებაში ასევე არის ნახსენები 12.5 მილიონი ევროს ბონუსი, რაც ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

"ოცნება ამიხდა. ეს არის ბავშვის ოცნება, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა და მოედანზე ყველაფერს იღებდა, რომ იუვეში მოხვედრილიყო და რომელსაც მოედანზე გულშემატკივრებისთვის გასვლა სურს. მოუთმენლად ველოდები "ალიანც სთედიუმზე" თამაშს. ეს მხოლოდ საწყისი წერტილია", - თქვა ლოკატელიმ.

ლოკატელი იუვენტუსის სტადიონის ფონზე

იუვენტუსსა და სასუოლოს შორის მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და ტურინელთა 4 წინადადება დაიბლოკა კიდეც. თუმცა, ბოლო შეთავაზება ემილიურმა გუნდმა მიიღო და ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. ამაში დიდი წვლილი თვითონ ფეხბურთელსაც მიუძღვის, რომელმაც ლონდონის არსენალის და დორტმუნდის გაცილებით სარფიან წინადადებაზე თქვა უარი და მხოლოდ იუვეში გადასვლის სურვილი დააფიქსირა. ლოკატელი ბავშვობიდან ოჯახთან ერთად იუვენტუსის ქომაგია და ოცნების კლუბში გადასასვლელად ყველაფერი გააკეთა.

გასულ სეზონში მანუელ ლოკატელიმ სასუოლოს რიგებში 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ის "ნეროვერდიში" 2018 წლიდან თამაშობდა (99 მატჩი, 7 გოლი, 11 საგოლე გადაცემა), მანამდე, მანუელმა საფეხბურთო კარიერა მილანში დაიწყო, რომლის მაისურით 63 თამაშში 2 გოლი გაიტანა - ერთი იუვენტუსთან და მეორე სასუოლოსთან. იტალიის ნაკრებში მანუელს 15 თამაშში 3-ჯერ აქვს თავი გამოჩენილი, მათ შორის 2 გოლი ევრო 2020-ზე, შვეიცარიის წინააღმდეგ გაიტანა და ევროპის ჩემპიონიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები