Thumbnail

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბი ცნობილია - მასში უცხოელებიც არიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის უცხოელ სპეციალისტთან ვაწარმოებთ'
  • ლევან მაისაშვილის გამოჯანმრთელებამდე, გუნდს ილია მაისურაძე გაწვრთნის

პირველ პროფესიულ ქართულ ფრანჩაიზს შავ ლომი, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერთასში ჩაებმება, ლევან მაისაშვილის გამოჯანმრთელებამდე, მისი ასისტენტი, უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცი ილია მაისურაძე გაწვრთნის. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

რადგან შავი ლომი ბორჯღალოსნების საბაზისო გუნდია, რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, მისი სამწვრთნელო შტაბი ნაკრების სტაფის წევრებით დაკომპლექტდა. მაისურაძეს ლადო კილასონია დაეხმარება, მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ირაკლი ჭყონია და დავით ნემსაძე იზრუნებენ, ჯიპიეს სისტემაზე ნიკა პინაიშვილი იმუშავებს, ფიზიო აბესალომ აბრამიშვილი და ედ ბარი იქნებიან, რეაბილიტოლოგი – უილიამ ლუისი, ვიდეო-ანალიზი – დავით რამიშვილი, ხოლო მენეჯერები – ვასილ აბაშიძე და ლექსო იორდანიშვილი.

“თავიდანვე მოვიაზრებდით, რომ ეროვნული გუნდის მენეჯმენტს გადაებარებინა შავი ლომი, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. სწორედ ფრანჩაიზში უნდა მოხდეს ნაკრების სათამაშო სტილის დახვეწა. არის სხვა ფაქტორებიც. ფრანჩაიზი ფორსირებულ რეჟიმში ჩამოყალიბდა და მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ გუნდში სხვა ქართველი მწვრთნელებიც ვიხილოთ. ეს ერთის მხრივ მათ განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ ისინი გუნდში საკუთარ გამოცდილებას მიიტანენ. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება ლევან მაისაშვილი და სამომავლოდ გუნდს სწორედ ის ჩაიბარებს“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

💬 მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია და სანამ ის საქმიანობას დაუბრუნდება, ჩვენი ვალია გუნდი საჭირო კონდიციებში დავახვედროთ!" ილია მაისურაძე ⚫️🦁🏉 შავი ლომის მწვრთნელები ➡️ https://bit.ly/3m7k0T8

Posted by შავი ლომი . Black Lion on Wednesday, August 18, 2021

მანვე დაადასტურა, რომ როგორც შავი ლომისთვის, ასევე ბორჯღალოსნებისთვის, ერთ-ერთ მაღალკვალიფიცირებულ უცხოელ მწვრთნელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება:

“მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის უცხოელ სპეციალისტთან ვაწარმოებთ. შეთანხმება თითქმის მიღწეულია. გავდივართ კონსულტაციებს როგორც ამ მწვრთნელებთან, ასევე მსოფლიო რაგბთან და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ის დაემატება როგორც ფრანჩაიზს, ასევე ეროვნულ გუნდს“.

რაგბი ევროპის სუპერთასი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს და ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. გუნდმა მზადება დაიწყო და დღეში 3-3 ვარჯიში ჩატარდება:

“მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია და სანამ ის საქმიანობას დაუბრუნდება, ჩვენი ვალია მას გუნდი საჭირო კონდიციებში დავახვედროთ. სტაფმა მომზადება რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, დღეს გვქონდა გუნდის კრება, მოთამაშეებს გავაცანით მიზნები და შევუდგებით 3-კვირიან მზადებას პირველი მატჩებისთვის. შავი ლომის მიზანია, რომ ეროვნული გუნდისთვის სიღრმეები შევქმნათ, მოთამაშეებმა სათამაშო პრაქტიკა მიიღონ, თუმცა, პარალელურად, ვიბრძოლებთ ამ ახლადშექმნილი ტურნირის მოსაგებად“.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 18-19 და 25-26 სექტემბერს, 23-24 და 30-31 ოქტომბერს და 4-5 და 11-12 დეკემბერს გაიმართება. შავი ლომი აღმოსავლეთ კონფერენციაში ენისეისთან (რუსეთი), ლოკომოტივ პენზასთან (რუსეთი) და თელავივ ჰითთან (ისრაელი) ითამაშებს. დასავლეთ კონფერენციაში ბრიუსელს დევილზი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია) და იბერიანზი (ესპანეთი) მოხვდნენ. თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის, ფინალური შეხვედრა კი მაისშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები