Thumbnail

მადრიდის რეალის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ლიონელ მესის პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერზე ისაუბრა და კილიან მბაპეს “სამეფო კლუბში” შესაძლო გადასვლაზე მიანიშნა.

“ლეო მესის ბარსელონადან პსჟ-ში გადასვლა ჩვენთვის ალბათ კარგიცაა, რადგან ყველაზე ძლიერმა კონკურენტმა თავისი საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა. გარდა ამისა, იქნებ, პარიზიდან ჩვენთან გადმოვიდეს ერთი განსაკუთრებული მოთამაშე… თუ ეს მართლაც მოხდება - არ ვიცი, ასე იქნება თუ არა - მესის ტრანსფერი რეალისთვის ყველანაირად კარგი იქნება,” - განაცხადა კროოსმა პოდკასტში თავის ძმასთან, ფელიქს კროოსთან ერთად. 

ცხადია, კროოსმა კილიან მბაპე იგულისხმა. რეალი 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. იტალიური “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, მბაპეს ახლავე სურს პარიზული გრანდის დატოვება და რეალში გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ამ მითქმა-მოთქმის გამო გასულ შაბათს, სტრასბურთან მატჩში პსჟ-ს ფანებმა მბაპეს უსტვინეს.

კროოსმა ხსენებულ პოდკასტში კრიშტიანო რონალდოზეც ისაუბრა: “როცა ერთად ვთამაშობდით, რონალდო ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩვენ არა მარტო თანაგუნდელები, არამედ მეგობრებიც ვიყავით და მეზობლებიც - ჩემს გვერდით ცხოვრობდა. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, თუ რაოდენ დიდი პერფექციონისტია რონალდო. ამიტომაც, ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელად მესის დასახელება ძნელია,” - აღნიშნა 36 წლის გერმანელმა.

ტონი კროოსმა და კრიშტიანო რონალდომ სხვა ტიტულებთან ერთად, რეალში 2016-2018 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. მადრიდულ გრანდში გატარებული 9 წლის შემდეგ, CR7 2018 წელს ტურინის იუვენტუსში გადავიდა. კროოსი რეალში 2014 წლიდან თამაშობს და ‘სამეფო კლუბთან’ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები