Thumbnail

ჭიდაობა | მხოლოდ ერთი ბრინჯაოს შანსი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დავით კოღუაშვილი ბრინჯაოს 18 აგვისტოს მედლისთვის იჭიდავებს 
  • საერთო ჯამში, ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად იასპარეზეს

რუსეთის ქალაქ უფაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს და ათ წონითი კატეგორიიდან ერთადერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა გიორგი ჭოლაძეს (65 კგ), რომელიც ასპარეზობაში 16 აგვისტოს ჩაერთო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც დღეს ტაჯიკ მუსტაფა ახმედოვთან 4:7 წააგო და მედლისთვის ჭიდაობის უფლება ვერ მოიპოვა.

17 აგვისტოს ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო. ყველაზე კარგად დავით კოღუაშვილმა იჭიდავა (86 კგ), რომელიც ნახევარფინალამდე მივიდა. მან გვატემალელი სეზარ ესტრადა 13:2 და ამერიკელი კოლტონ ჰოუკსი 11:9 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ირანელ ამირჰოსეინ ფირუზპურბანპეისთან 4:14 წააგო. კოღუაშვილი ოთხშაბათს ბრინჯაოსთვის რეპეშაჟში, ჯოშუა მოროდიონსა (გერმანია) და ისლამ კარტოევს (რუსეთი) გამარჯვებულს შეხვდება.

ომარ გაზაშვილმა (61 კგ) პირველივე შეხვედრა წააგო ბაჰრეინელ ალიბეგ ალიბეგოვთან (3:14) და ვერც რეპეჟაშში გადავიდა, რადგან მისი მძლეველი მომდევნო ეტაპზე დამარცხდა. 74 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ პოლონელ პატრიკ კოსტრჟევსკისთან 10:0 მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში რუს იდარ ხატანოვთან 2:12 წააგო, მერე რუსი მოჭიდავეც დამარცხდა და ქართველმა მედლის შანსი დაკარგა. ანდრო მარგიშვილმა კვალიფიკაციის შეხვედრა წააგო ყირგიზ ნურბოლოტ ადილ ულუსთან (4:8) და ასპარეზობას გამოეთიშა, მძიმეწონოსანი გიორგი ჩიხრაძე კი, ეგვიპტელი აჰმედ მაჰმუდ ხალილთან გამარჯვების (11:0) შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა, ვინაიდან აზერბაიჯანელ აიდინ აჰამდოვთან 0:3 დამარცხდა, რომელმაც თავის მხრივ, ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

მანამდე, შეჯიბრის პირველ დღეს, დავით ფაცინაშვილმა (70 კგ.) ავსტრიელ ბენედიკტ ჰუბერს 6:0 მოუგო, რასაც მერვედფინალში ყაზახ ასეტ ბაიურჟანოვთან მარცხი (2:8) მოჰყვა. ასევე 1 გამარჯვება იზეიმა ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ.). მან ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 3:2 სძლია, ხოლო ყირგიზ მუხამად აბდულაევს ვეღარ გაუმკლავდა – 0:10. ლუკა ხუჭუამ (97 კგ.) ყირგიზი ბაიამან მიხტიბეკოვი 12:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ინდოელ დეეპაკ დეეპაკთან 4:9 წააგო და ტურნირს ისიც გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები