Thumbnail

პირლო: მირჩევნია ლამაზი თამაშით წავაგო, ვიდრე დაცვაში ყოფნით მოვიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანდრეა პირლოს ინტერვიუში გეგმებსა და თავის ხედვებზე საუბრობს
  • 42 წლის სპეციალისტის მუშაობა საზღვარგარეთ სურს

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. იუვენტუსიდან დათხოვნის შემდეგ ეს მისი პირველი საჯარო კომენტარია. ახალგაზრდა სპეციალისტი ფიქრობს, რომ ტურინულ გრანდში მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ამჯერად, უკვე ახალ გამოწვევებს ელოდება და უცხოეთში მუშაობა სურს.

"მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ როდესაც შედეგი არადამაკმაყოფილებელია, პირველი პასუხისმგებელი მწვრთნელია. განვითარებისთვის უნდა ვიმუშავო - გასულ წელს პიროვნულად ძალიან გავიზარდე. ახლა მინდა საზღვარგარეთ მუშაობა, სამი წელი ვითამაშე შეერთებულ შტატებში და შესაბამისად, ინგლისურ ენასთან პრობლემები არ აქვს, ასევე ვფლობ ფრანგულს. ვგრძნობ, რომ შემიძლია უცხოეთში მუშაობა. ბევრ თამაშს ვუყურებ, ვაკვირდები სხვა მწვრთნელებს და ვსწავლობ. ინტერნეტში ვარჯიშებს ვუყურებ, იბიცაზე შვებულებაში მაურისიო პოჩეტინოს შევხვდი და პარიზში დამპატიჟა. თუ შევძლებ, მინდა მანჩესტერში გვარდიოლასთანაც ჩავიდე. თუმცა, ახლაც მზად ვარ ახალი თავგადასავლისთვის", - თქვა პირლომ.

ანდრეამ იუვენტუსში გატარებული სეზონი გაიხსენა, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო იყო. იტალიელი ფიქრობს, რომ ბევრი რამ ისწავლა და გასულ სეზონში ბევრი დაბრკოლება არსებობდა, რამაც ხელი შეუშალა:

"ბევრი ვისწავლე, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება მთავარი მწვრთნელის რანგში, მაგრამ ძალიან ინტენსიური წელი იყო, რადგან სეზონი მხოლოდ ერთი ამხანაგური თამაშით დავიწყეთ. ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა, სამ დღეში ერთხელ, გულშემატკივრების გარეშე ვთამაშობდით. ენერგიის აღდგენის და პრაქტიკულად ვარჯიშების გარეშე, რომ მატჩებისთვის მოვმზადებულიყავით. ძნელი იყო რაღაც ახალის გამოცდა, ენერგიის აღდგენა უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ", - აღნიშნავს ანდრეა.

პირლომ სადებიუტო სეზონში ორი ტიტული მოიგო

პირლოს აზრით, უმჯობესია შეტევაში თამაში და წაგება, ვიდრე მთელი თამაშის საკუთარ საჯარიმოში გატარება და ამ გზით გამარჯვება. 42 წლის მწვრთნელის თქმით, ის საფეხბურთო იდეის შეცვლას არ აპირებს:

"ფეხბურთი არ იცვლება, საჭიროა თავის დაცვა და შეტევა, მაგრამ იცვლება თამაშის სტილი, მატჩებისთვის მომზადების სტილი. დღეს სწრაფი ფეხბურთელებია საჭირო, რომლებიც მაღალტემპიან თამაშში ტექნიკურები არიან, შესანიშნავები ერთი-ერთზე. ადრე ცოტა სხვანაირად იყო. ყოველწლიურად შეიძლება მოხდეს რაღაც, რამაც ფეხბურთის თამაში შეცვალოს. ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელთაც სურთ რაღაც განსხვავებული შემოგვთავაზონ. ჩემთვისაც ფეხბურთი ამ მიმართულებით მიდის და ეს გვარდიოლამ ბოლო წლებში დაამტკიცა. თუ თამაშს არ აკონტროლებ, ძნელია გამარჯვებაზე ფიქრი. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, რომ ბურთის ფლობის 90% გქონდეს, მაგრამ კარში ერთი დარტყმის შედეგად წააგო, მაგრამ მირჩევნია ასე წაგება, ვიდრე მთელი თამაში საკუთარ საჯარიმოში გავატაროთ და გოლის გატანა მხოლოდ კონტრშეტევაზე ვცადოთ. შედეგების მისაღწევად არასდროს შევიცვლი აზრს. ჩემი აზრით, უკნიდან თამაშის კონსტრუქცია, ბურთის ფლობის მცდელობა და დაკარგული ბურთის რაც შეიძლება მალე დაბრუნება, სწორია. ბევრი რამ დამოკიდებულია ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდში არიან, ამის მიხედვით ხვდები რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ფეხბურთელები ბევრად უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე მწვრთნელები", - ამბობს იტალიელი.

ბოლოს პირლომ იტალიის ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფზე გააკეთა კომენტარი. ანდრეა ფეხბურთელის რანგში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია (2012). ამდენად, კარგად იცის, რამდენად სასიხარულოა ეროვნულ ნაკრებში მიღწეული წარმატება:

"ფანტასტიკური ზაფხული იყო და დიდი ხნის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეთ საერთაშორისო ტურნირზე. არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამარჯვება. მანჩინიმ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა, იტალია თამაშობს, როგორც კლუბი და მკაფიო, კონკრეტული იდენტობა აქვს", - დასძინა პირლომ.

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა ზუსტად ერთი წლის წინ იუვენტუსში დაიწყო, რომელსაც პირველსავე სეზონში ორი ტიტული მოაგებინა (იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი), მაგრამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის გამო დაითხოვეს. ამჟამად 42 წლის სპეციალისტი უმუშევარია და ახალ წინადადებებს ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები