Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი ასრულებს NBA-ის საზაფხულო ლიგაზე გამოსვლას. ასოციაციის ჩემპიონს 1-3 ბალანსი აქვს და მე-5 ბოლო შეხვედრაში დენვერ ნაგეთსს (1-3 ბალანსი) ხვდება, რომლის რიგებშიც გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს.

სანდროს 4 მატჩში 2 ორმაგი დუბლი აქვს

ასე რომ, შესაძლოა კარიერაში პირველად სანდრო გიორგის დაუპირისპირდეს - NCAA-ში მათი კლუბები, სეტონ ჰოლი და ილინოისი სხვადასხვა კონფერენციაში არიან და ისინი ერთმანეთს ბოლოს 2001 წელს შეხვდნენ. ეს დაპირისპირება 16 აგვისტოს (00:00-ზე თბილისის დროით) გაიმართება. თუ მამუკელაშვილი მილუოკის საზაფხულო ლიგის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ბეჟანიშვილს დენვერში ბოლო ორ მატჩში არ უთამაშია.

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგაზე:
9.0 ქულა; 9.0 მოხსნა; 2.8 პასი; 1.8 ჩაჭრა; 0.5 დაფარება

მიუხედავად იმისა, რომ მილუოკი საზაფხულო ლიგაზე ცუდად გამოდის, მის რიგებში სანდრო მამუკელაშვილი გამორჩეულია - მან 4-დან ორი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა და ერთხელ ამასთან ძალიან ახლოს იყო. სტატისტიკურად მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩააგდო. მას ძალიან კარგი პრესა აქვს:

ერიკ ნემი (TheAthletic): "მას NBA-ში შანსი მიეცემა. ზუსტად არ ვიცი, რა როლს ითამაშებს როტაციაში, ან რა პოზიციაზე ითამაშებს მამუკელაშვილი ბაქსში, მაგრამ ის ყველა მოძრაობით და საქციელით გვანახებს, რომ სწორად ვითარდება".

როს კრაინსი: "მამუკელაშვილი აქტიურია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. "მაღლისთვის" უჩვეულო უნარებით არის შემკული, ბურთს კარგად ატარებს, მოედანს კარგად ხედავს, შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზის გაწელვა. ასევე, ის აქტიურია ფარზე და შეუძლია იმოქმედოს ფართან ზურგით მდგომმაც, მოწადინებული მცველია და მებრძოლი".

პეტ სენტ ენდრიუსი (მილუოკის საზაფხულო ლიგის გუნდის მწვრთნელი): "სანდროს თამაში ჩემთვის არ არის სიურპრიზი. უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ ასე კარგად თამაშობს. მორიგი ორმაგი დუბლი - მას მოხსნები, პასები, ყველაფერი კარგად გამოსდის. მას შეუძლია, სხვადასხვა ასპექტში იმოქმედოს თამაშის მიმდინარეობაზე". 

ოთხი ტურის გასვლის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ 9.0 ქულას, 9.0 მოხსნას და 2.8 პასს აკეთებს ლას ვეგასში. 9 მოხსნა მე-12 შედეგია 30-ვე კლუბში. სანდრო ასევე მოწინავეთა შორის არის ჩაჭრების რაოდენობით - საშუალოდ 1.8 ჩაჭრას აკეთებს, რაც საზაფხულო ლიგაში 29-ე შედეგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები