Thumbnail

ჭიდაობა | 1 ბრინჯაოს მედლის შანსი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი ჭოლაძე რეპეშაჟშია და კვარცხლბეკზე ასასვლელად ხვალ იბრძოლებს
  • კიდევ 3 ქართველი ფალავანი მსოფლიოს პირველობას ნაადრევად გამოეთიშა

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს დაწყებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 4 წევრი ჩაება, თუმცა, მათ გამოსვლას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ქართველებიდან მედლის აღების შანსს მხოლოდ ერთი ინარჩუნებს, თანაც, მედალი მხოლოდ ბრინჯაოსი თუ იქნება.

გიორგი ჭოლაძემ (65 კგ.) მერვედფინალში თურქ ბურაკ სინინს სუფთად სძლია, თუმცა, შემდეგ მომავალ ფინალისტ ზირადინ ბაირამოვთან 5:16 წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ტაჯიკ მუსტაფო ახმედოვთან დაპირისპირება ელის. თუკი ქართველმა მოჭიდავემ იმარჯვა, ხვალვე, მე-3 ადგილისთვის ამერიკელ რეინალდ ბარტლეტს გაეჯიბრება.

გიორგი ჭოლაძემ სასტარტო შეხვედრაში თურქ ბურაკ სინინს მოუგო 

დავით ფაცინაშვილმა (70 კგ.) ავსტრიელ ბენედიკტ ჰუბერს 6:0 მოუგო, რასაც მერვედფინალში ყაზახ ასეტ ბაიურჟანოვთან მარცხი (2:8) მოჰყვა. ასევე 1 გამარჯვება იზეიმა ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ.). მან ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 3:2 სძლია, ხოლო ყირგიზ მუხამად აბდულაევს ვეღარ გაუმკლავდა – 0:10. ლუკა ხუჭუამ (97 კგ.) ყირგიზი ბაიამან მიხტიბეკოვი 12:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ინდოელ დეეპაკ დეეპაკთან 4:9 წააგო და ტურნირს ისიც გამოეთიშა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები 17 აგვისტოს გათამაშდება და ხვალვე ხალიჩაზე დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ, საქართველოს ღირსებას კი ომარ გაზაშვილი (61 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ.), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ.) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ.) დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები