Thumbnail

მძარცველებმა ტონგას ნაკრების მწვრთნელი და მისი ოჯახის წევრები დაჭრეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრისბენში ტონგას ნაკრების მწვრთნელის სახლზე თავდასხმა განხორციელდა
  • ბოროტმოქმედებმა ტუტაი კეფუს და მისი ოჯახის წევრებს ჭრილობები მიაყენეს
  • ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მორაგბე კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის   

ავსტრალიური რაგბის ლეგენდა, ამჟამად ტონგას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტუტაი კეფუ საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც მძარცველებმა მას დანით ჭრილობები მიაყენეს. სხეულის დაზიანებები ასევე აქვთ ტუტაი კეფუს ცოლს და ორ შვილს.

შემთხვევა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ორშაბათს, გამთენიისას მოხდა. სამმა მძარცველმა ტუტაი კეფუს სახლში შეაღწია. სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებს გარაჟიდან ავტომობილის გაყვანა სურდათ, მაგრამ პატრონისგან წინააღდეგობა შეხვდათ. მძარცველებმა 47 წლის ტუტაის დანით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენეს. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მოხვდა და ზოგიერთი წყაროს ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ორი ბოროტმოქმედი დააკავა, რომლებიც 15 წლისანი არიან. მესამეზე ძებნაა გამოცხადებული. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მაჩეტე, ნაჯახი და დანა. 

ტუტაი კეფუს, რომელიც წარმოშობით ტონგადანაა, ავსტრიის მორაგბეთა ნაკრებში 60 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად 1999 წელს მსოფლიო თასის გამარჯვებულიც გახდა. კეფუ ტონგას ეროვნულ გუნდს 2016 წლიდან წვრთნის და ის 2019 წელს მსოფლიო თასზე გაიყვანა. 

"ფიქრებით შენთან და შენი ოჯახის წევრებთან ერთად ვართ", - გამოეხმაურა ამბავს "ვოლაბების" ოფიციალური ტვიტერი. 

კომენტარები

ბოლო ამბები