Thumbnail

რატი იონათამიშვილი: დისკვალიფიკაცია გარდაუვალია, დანარჩენზე თბილისში ვიმსჯელებთ

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ქართული პარალიმპიური დელეგაცია ტოკიოში სკანდალში გაეხვა
  • პარაძიუდოისტი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა
  • სპორტსმენმა პოლიციასთან აღიარა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო
  • იაპონური მედიის ცნობით, ინციდენტის მონაწილე ზვიად გოგოჭურია
  • პოპსპორტი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს დაუკავშირდა

ტოკიოს პოლიციაში საქართველოს პარალიმპიური გუნდის წევრზე საქმე აღიძრა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, რომელიც იაპონიაში პარალიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ჩავიდა, სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

60 წლამდე ასაკის მამაკაცს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს - იაპონური მედია იტყობინება, რომ მას ნეკნი აქვს გატეხილი. დაკითხვაზე ქართველმა პარაძიუდოისტმა აღიარა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

პოპსპორტი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, რატი იონათამიშვილს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
 
“მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელიც არა მარტო კონკრეტულ სპორტსმენს, არამედ მთლიანად პარალიმპიურ მოძრაობას და მის იდეას აყენებს ჩრდილს, - აცხადებს რატი იონათამიშვილი, - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ემიჯნება ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას - ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. მჭიდრო კონტაქტში ვართ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს დელეგაციას ძალიან თბილად დახვდნენ და მათგან გამოვლენილი ამგვარი დამოკიდებულება მომხდარ ფაქტს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ინციდენტზე, რომელიც ტოკიოში მოხდა, გამოძიება უკვე დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სპორტსმენი ოქროს მედლის რეალური კანდიდატი იყო, იგი აუცილებლად იქნება დისკვალიფიცირებული, ხოლო მის სპორტულ მომავალზე უკვე თბილისში ვიმსჯელებთ.”

'ეს ფაქტი არა მარტო კონკრეტულ სპორტსმენს, არამედ მთლიანად პარალიმპიურ მოძრაობას და მის იდეას აყენებს ჩრდილს'

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, დელეგაციის ერთ-ერთი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა: “რაც შეეხება გუნდში არსებულ კოვიდსიტუაციას: დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ მგზავრობისას, სხვა ქვეყნის სპორტსმენთან ურთიერთობისას დაინფიცირდა. მის გარდა საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს კორონავორუსი არ აქვს.”

იაპონიის დედაქალაქში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. თამაშებზე მედლებისთვის საქართველოს  ნაკრების 14 პარასპორტსმენი, სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებს. პარაძიუდოში საქართველოს ზვიად გოგოჭური (-100 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+100), გიორგი გამჯაშვილი (-66), ზურაბ ზურაბიანი (-60), გიორგი ქალდანი (-73) და ინა ქალდანი (-73) წარმოადგენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები