Thumbnail
  • ბარსელონას კაპიტნები ხელფასებს იმცირებენ
  • პირველი ნაბიჯი ჟერარდ პიკემ გადადგა

ბარსელონას ფინანსურ პრობლემებზე ყველამ ყველაფერი იცის. ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ კატალონიურმა გრანდმა თვით ლიონელ მესიც კი დაკარგა. იმისათვის, რომ ბარსამ ახალი ფეხბურთელების, მაგალითად მემფის დეპაის და ერიკ გარსიას დარეგისტრირება შეძლოს, კლუბის კაპიტნები ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სერხი რობერტო ხელფასებზე უარი თქვეს. რეალ სოსიედადთან ლა ლიგის პირველი მატჩის შემდეგ, პიკემ სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

კაპიტნების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პირველად საინფორმაციო სააგენტო AP-მ კვირას გაავრცელა. პიკეს ხელფასი უკვე დაკლებულია და ასეთივე ნაბიჯს დათანხმდნენ ბუსკეტსი, ალბა და სერხი რობერტოც.

“მალე სხვა კაპიტნებიც ასე მოიქცევიან. დრო აღარ ითმენდა და მე პირველი უნდა ვყოფილიყავი, რათა ახალი ფეხბურთელები დაგვერეგისტრირებინა. გუნდის კაპიტნები ყოველთვის ვაპირებდით ასეთი ნაბიჯის გადადგმას და ვამაყობთ ამ გადაწყვეტილებით,” -  აღნიშნა პიკემ რეალ სოსიედადთან გამარჯვების (4:2) შემდეგ. ბარსელონასთვის ეს პირველი და მატჩი და პირველი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც ლეო მესი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა.


შეგახსენებთ, რომ მესი იძულებული გახდა, ბარსა დაეტოვებინა - მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი და კატალონიური გრანდი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებულები იყვნენ. ლა ლიგის რეგულაციების გამო ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი გახდა. ბარსელონას ვალი ამ დროისთვის დაახლოებით 1,2 მილიარდი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები