Thumbnail

'კომუნიკაცია პირადად შეძლო' - ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლევან მაისაშვილის შესახებ განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გააკეთა
  • ექიმები უახლოეს მომავალში ვითარების გამოსწორებას ელიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდნეტმა სოსო ტყემალაძემ გააკეთა.

მან რაგბის კავშირის გამგეობის ყრილობაზე თქვა, რომ მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს, უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია და უახლოეს პერიოდში ექიმები მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მაისაშვილი უკვე მეორე თვეა იოჰანესბურგის კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" თავკაცს კოვიდ 19 სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონებთან ტესტებისთვის იმყოფებოდა. კორონავირუსი რამდენიმე “ბორჯღალოსანსაც” დაუდასტურდა, თუმცა, მაისაშვილის მდგომარეობა ძალიან გართულდა, რაც ფილტვების დაზიანებით იყო გამოწვეული. ლევან მაისაშვილი ეროვნულ ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. “ბორჯღალოსნებმა” მისი ხელმძღვანელობით 2020 და 2021 წლის რაგბი ევროპის ტიტულები მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები