Thumbnail
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ ოლიმპიელებს შეხვდა
  • სოლიდურ პრემიებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნებიც მიიღებენ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები (გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, იაკობ ქაჯაია, გენო პეტრიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი) სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 500 ათას ლარს მიიღებენ, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი ანტონ პლესნოი 250 ათასი ლარით დაჯილდოვდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც ოლიმპიელებს შეხვდა.

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოში ვერცხლს დასჯერდა

ოლიმპიადის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ოქროსმედალოსნები მილიონ ლარს მიიღებდნენ, ვერცხლისმედალოსნებზე საერთო ჯამში 103 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, ბრინჯაოსმედალოსნებზე კი 68 ათასი ლარი. თუმცა, ოლიმპიელებთან შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ფულადი ჯილდო გაიზარდა.

"ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო, თქვენ მართლაც საოცარი შედეგი აჩვენეთ, 8 მედალი მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მადლობა გამარჯვებისთვის. მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება: ოლიმპიადაზე წასვლის წინ დაგპირდით, რომ ოქროსმედალოსნები მიიღებდნენ ერთ მილიონ ლარს, ახლა კი მინდა გითხრათ, რომ ვერცხლისმედალოსნების ჯილდო იქნება 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოსი - 250 ათასი ლარი. კიდევ ერთხელ მადლობა ექიმებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თქვენს გვერდით იდგნენ. კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიოს არენაზე და მოიპოვო გამარჯვება. ვიცი, რომ ამ შედეგის უკან თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა დგას ჩვენი ხალხის სახელით. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი შვილები სწორედ თქვენს მაგალითზე უნდა აღიზარდონ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლაშა ბექაური ოქროს მედლითვის მილიონ ლარს მიიღებს

იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. საქართველოს გუნდის შემადგენლობა 35 სპორტსმენისგან შედგებოდა და ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ტოკიოში 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (კლასიკური ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ბრინჯაოს კი ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები