Thumbnail

'ყველაზე მძიმე ბრძოლა ქართველთან მქონდა' - ოლიმპიური ჩემპიონი დათუნაშვილზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უკრაინელმა მოჭიდავე ჟან ბელენიუკმა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, აღიარა, რომ კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე რთული შეხვედრა ზურაბ დათუნაშვილთან ჰქონდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 30 წლის უკრაინელი, რომელიც 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, ტოკიოში სასტარტო, 1/8-ფინალური დაპირისპირება სწორედ სერბეთის სახელთ მოჭიდავე დათუნაშვილთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. საბოლოოდ რიოს თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ტოკიოში შედეგი გააუჯობეას და გაიმარჯვა, დათუნაშვილმა კი სერბეთს ბრინჯაო მოუტანა.

ბელენიუკმა დათუნაშვილთან რევანშის აღება ტოკიოში მოახერხა

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბელენიუკი და დათუნაშვილი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ¼-ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ მაშინ გამარჯვება ზურაბს დარჩა, რომელმაც საბოლოოდ კონტინენტის პირველობაც მოიგო.

"ტოკიოში ყველაზე მძიმე სულ პირველ ორთაბრძოლა იყო. ვიცოდი, რომ ქართველ სპორტსმენთან რევანში მქონდა ასაღები. მთლიანობაში კი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული არცერთი შეხვედრა ყოფილა. 

ჟან ბელენიუკი უკრაინის ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ტოკიოში ოქრო მოიპოვა

როგორც წესი, საღამოს წილისყრას არასდროს ვუყურებ და არ ვიგებ, ვისთან მომიწევს შეხვედრა, რათა ძილის წინ ზედმეტად არ ვიფიქრო. მრავალი წელია, ამ წესს ვიცავ. როდესაც დარბაზში შევდივარ, მწვრთნელი მაშინღა მეუბნება, ვისთან მომიწევს ჭიდაობა. ამჯერად საღამოს სოცქსელებში შევიხედე და იქ ფოტო-კოლაჟი შემხვდა, სადაც მე და დათუნაშვილი ვიდექით. მივხვდი, რომ მასთან მომიწევდა ბრძოლა, მაგრამ დიდად არ მინერვიულია, ნორმალურად მეძინა", - იხსენებს ოლიმპიადის, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ბელენიუკი უკრაინულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

დასანანია, რომ დათუნაშვილმა ოლიმპიური მედალი სერბეთს მოუტანა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში, საქართველოს ლაშა გობაძე წარმოადგენდა, რომელიც 1/8-ფინალში უზბეკ მეტოქესთან დამარცხადა და უმედლოდ დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები