Thumbnail

ყენია გერმანულ ურდინგენში დაინიშნა - ლევანი მწვრთნელობას იწყებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 30 წლის ლევან ყენია რეგიონალლიგის კლუბში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იქნება
  • ბოლოს ის სწორედ ურდინგენში ჩარიცხვას ცდილობდა, თუმცა, კონტრაქტზე უარი უთხრეს

30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა და ძალებს სამწვრთნელო ასპარეზზე მოსინჯავს. ყენია სამწვრთნელო შტაბში შეიყვანეს ურდინგენში, რომელიც გერმანიის რანგით მე-4 ლიგაში ითამაშებს.

ურდინგენის მთავარი მწვრთნელი 35 წლის რუსი სპეციალისტი დმიტრი ვორონოვია, მისი ასისტენტი კი სწორედ ყენია იქნება, რომელიც თავის დროზე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ წარმომადგენლად ითვლებოდა.

ურდინგენი ახალი სეზონის პირველ მატჩს 14 აგვისტოს ჩაატარებს, როდესაც სტუმრად ობერჰაუზენს შეხვდება. ყენიას გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამდენად, მოსალოდნელია, რომ რეგიონალლიგის დასავლეთ ზონაში ადგილის შენარჩუნებაც კი კარგ შედეგად ჩაეთვლება.

ლევან ყენია ურდინგენის მაისურით

საინტერესოა, რომ ლევან ყენია ზუსტად 1 წლის წინ ფეხის მოკიდებას სწორედ ურდინგენში ცდილობდა, თუმცა, კლუბმა მას კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა.

ყენიას გერმანიაში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს, ის გელზენკირხენის შალკეში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაირიცხა, შემდეგ კი, დიუსელდორფის ფორტუნაში თამაშიც მოასწრო. ლევანს უცხოეთში ლვოვის კარპატის, პრაღის სლავიას და ლუქსემბურგის დუდელანჟის ღირსებაც დაუცავს, ბოლოს კი, საბურთალოს რიგებში ირიცხებოდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები