Thumbnail

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის კარიერა ტრავმებმა ძალიან დააზარალა, ოფიციალურ მატჩში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლატვიურ RFS-სთან ითამაშა.

გენტს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ გუნდთან გაუჭირდა, მაგრამ მეტოქე ორი მატჩის ჯამში (2:2, 1:0) მაინც დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. გიორგიმ მონაწილეობა რიგაში გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში მიიღო, სადაც მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი ბელგიელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.

გენტის მწვრთნელი გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩა

თამაშის შემდეგ გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძეზე დადებითად ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, გიორგის ფეხები არ აკანკალებია. ისეთი თამაშები, სადაც მეტოქე თავს იცავს, მისთვის იდეალურია. მას არ უწევს დაცვაში ბევრი მუშაობა. ჩემი აზრით, ის ამ თამაშში ნათელი წერტილი იყო. როცა სხვები ნერვიულობდნენ, ის თავდაჯერებული ჩანდა. გიორგი იჭერდა ბურთს და კარგად ხედავდა მოედანს. ეს მისი პირველი ნაბიჯებია. ტრავმირებული იყო, მაგრამ ახლა აქ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ მწყობრში იქნება და ჩვენს შეტევით პოტენციალს გააძლიერებს", - აქვეყნებს მწვრთნელის სიტყვებს ბელგიური მედია

ლატვიელებს ქართველის შეჩერება ძალიან უჭირდათ

გენტი კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში პოლონურ რაკოვს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ჩაკვეტაძის გუნდი სტუმრად, 19 აგვისტოს გამართავს, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 26 აგვისტოს მიიღებს. უახლოესი თამაში კი, რომელშიც გიორგი შეიძლება მოედანზე ვიხილოთ, გენტს ბელგიის ჩემპიონატში, მეხელენთან უწევს - 15 აგვისტოს.

კომენტარები

ბოლო ამბები