Thumbnail

დათუნაშვილი: ჩემი მედალი სერბეთს ეკუთვნის, მაგრამ ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

30 წლის ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (87 კგ.), რომელმაც სერბეთის სახელით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა, საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მან იმედები გაუმართლა, როგორც ქართველ, ისევე – სერბ ხალხს.

ზურაბ დათუნაშვილი: “მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის. ჩემს ოლიმპიურ მედალში თითოეულ იმ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი, ვისაც ჩემი სჯეროდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. მართალია, მე დღესდღეობით სერბეთში ვმოღვაწეობ და ჩემი მედალიც ამ ქვეყანასა და ხალხს ეკუთვნის, მაგრამ აქაც საქართველოს წარმოვადგენ, ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ. შესაბამისად, მქონდა ორი ერისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ მომეპოვებინა მედალი და მიხარია, რომ იმედები გავამართლე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სერბეთსა და სერბ ხალხს, რადგან მათ ჩემთვის ყველაზე რთულ დროს მიმიღეს, მენდნენ მაშინ, როდესაც ბევრს ეჭვი შეეპარებოდა, მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. სწორედ მათი წყალობით შევძელი ჩემი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და იმ მიზნის მიღწევა, რასაც ოლიმპიური მედალი ჰქვია. რიოს თამაშების შემდეგ დაწყებული ეს ოლიმპიური ციკლი ჩემთვის ძალიან პრობლემური აღმოჩნდა. ჯერ 2017 წელს მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა კვლავ სპორტში ყოფნას. შემდეგ კი უკვე პრობლემები ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყო. იმის გამო, რომ მწვრთნელების უსამართლო გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე, საბოლოოდ თავად გავხდი დევნისა და ჩაგვრის ობიექტი, რის გამოც ვეღარც ვვარჯიშობდი და ვერც ტურნირებზე დავდიოდი. საბოლოოდ კი ეს პრობლემები იმით დასრულდა, რომ იძულებული გავხდი ქვეყნიდან წავსულიყავი. ასეთი პრობლემების ფონზე, ბუნებრივია, კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ შედეგის, რომელსაც ტოკიოში მივაღწიე. ოქროსთვის პარიზში ვიბრძოლებ! მადლობა კიდევ ერთხელ ყველას”.

როგორც უკვე ვწერდით, დათუნაშვილი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის ხორვატ ივან ჰუკლეკს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა – 6:1. ზურაბმა მერვედფინალში 1:3 წააგო ტურნირის მომავალ ჩემპიონ – უკრაინელ ჟან ბელენიუკთან, რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ კი, ალჟირის წარმომადგენელ ბაჩირ სიდ აზარას 5:1 სძლია.

დათუნაშვილს სერბეთის ნაკრების მაისურით წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული და 2020 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორია, საქართველოს სახელით კი ევროპის 2-გზის (2016, 2017) ჩემპიონი და ვერცხლის (2013) მედალოსანია.

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

🇬🇪🇷🇸მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის. ჩემს ოლიმპიურ მედალში თითოეულ იმ...

Posted by Zurab Datunashvili • ზურაბ დათუნაშვილი on Thursday, August 12, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები