Thumbnail

ძიუდო | 2 ოქრო და გუნდური მე-2 ადგილი იუნიორთა ევროპის თასზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
  • იტალიაში გამართული ტურნირის ჩემპიონები ინანეიშვილი და ხარაზიშვილი გახდნენ

იტალიის ქალაქ უდინეში დასრულებულ იუნიორთა ევროპის თასზე წარმატებულად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც დასკვნით დღეს 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ერთ წინაში კი საერთოდაც ქართული ფინალი შედგა.

საუბარია მძიმე წონით კატეგორიაზე (+100 კგ.), სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპირისპირდნენ და ინანეიშვილმა 3 შიდოს ხარჯზე იმარჯვა. ცნობისთვის, საბამ ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ შალვა გურეშიძეს აჯობა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც დათმო.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნიკა ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში რუსი ადამ სანგარიევი დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს თორნიკე ფოლადიშვილი დაეუფლა. ფინალური ორთაბრძოლა დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ევროპის თასის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლები შაქრო შათირიშვილმა (60 კგ.) და თენგო ზირაქაშვილი (66 კგ.) დაისაკუთრეს. საბოლოო ჯამში, ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში რუსეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები