Thumbnail

დასანანი ფრე თურქეთში - დინამო ბათუმი კონფერენსლიგას გამოეთიშა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სივასპორი 1:1 დ.დ. (2:1) დინამო ბათუმი
  • გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (110)

დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგას გამოეთიშა. გია გეგუჩაძის გუნდი ძალიან ახლოს იყო საკვალიფიკაციო პლეი ოფთან, მაგრამ ბოლოს არ გაუმართლა და დამატებით დროში, 110-ე წუთზე გაშვებული ძალიან დასანანი გოლით ევროტურნირს დაემშვიდობა.

მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დინამო ბათუმი სივასპორს თურქეთში ესტუმრა, გუნდს, რომელსაც 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა ყველა ტურნირზე და ბოლოს თებერვალში დამარცხდა. ეს, მართლაც დიდებული სერია გია გეგუჩაძის გუნდმა შეწყვიტა და რიზა ჩალიმბაის გუნდს 90 წუთში მოუგო.

თამაში არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორზე ძალიან ძვირფასი რამ იდო - პლეი ოფის საგზური. ამდენად, ორივე გუნდი ფრთხილობდა და რისკზე წასვლას თავიდან ერიდებოდნენ. პირველ ნახევარში გუნდებს თითო მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდათ. ჯერ ლეკე ჯეიმსმა დაასწრო ყველას, მაგრამ მიხეილ ალავიძე დამაჯერებელი იყო. ბათუმელებმა ტაიმის ბოლო წუთზე უპასუხეს მეტოქეს და სწრაფ კონტრშეტევას ფლამარიონ ჯოვინო ასრულებდა, თუმცა, ბრაზილიელმა ხელსაყრელი ვითარებიდან საკმაოდ არაზუსტად დაარტყა.

გიორგი ფანცულაიამ ეფექტური კომბინაცია გოლით დაასრულა

მე-2 ტაიმის საწყის წუთებში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და გუნდებს მომენტების შექმნა ისევ უჭირდათ. თუმცა, 63-ე წუთზე დინამო ბათუმი ძალიან ახლოს იყო გოლთან, რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. ცვლილებაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ მარჯვენა ფლანგზე ფანტასტიკურად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და უძლიერესად დაარტყა, მეკარე ცხადია, ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ სივასპორს მშველელად ხარიხა მოევლინა... დამატებაზე ჯოვინოს შეეძლო გატანა, თუმცა, ბრაზილიელმა ისევ ცუდად დაარტყა და მომენტი გამოუყენებელი დარჩა.

ფანცულაიამ მაინც გაიტანა! ზღვისპირელები მეორე ნახევარში მეტოქეზე გაცილებით უკეთ თამაშობდნენ და გოლიც სრულიად ლოგიკურად გაიტანეს. 78-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა მოედნის ცენტრიდან ბრწყინვალე პასით სივასპორის ნახევარდაცვა და დაცვა უსაქმოდ დატოვა და შეტევაში ბენჟამენ ტეიდი ჩაერთო, რომელმაც თავის მხრივ ფლანგური პასით ფანცულაია მოძებნა და გიორგიმ პრაქტიკულად ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა - 0:1! დინამო ბათუმი დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ორ წუთზე გეგუჩაძის გუნდს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ჯოვინომ არაზუსტად დაარტყა. ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით დრო დაინიშნა, რომლის პირველ ტაიმში გოლთან ახლოს გრიგოლ ჩაბრაძე იყო, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. 105-ე წუთზე კი დინამო ბათუმი მიხეილ ალავიძემ იხსნა, რომელმაც ფანტასტიკური სეივი შეასრულა და ჟორჟე ფელიქსს ძალიან რთული დარტყმა აუღო. სივასელებმა ზეწოლა გაზარდეს და 110-ე წუთზე გაათანაბრეს. მასირებული შეტევა ალავიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჟორჟე ფელიქსმა ყველას დაასწრო და მისი გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში დინამო ბათუმმა ვეღარ მოახერხა გოლის გატანა და კონფერენსლიგას დაემშვიდობდა. თუმცა, ღირსეულად, თავაწეული და ცოტა მეტი რომ გამართლებოდა, იქნებ, ახლა სხვა სცენარზე გველაპარაკა.

დინამო ბათუმს პლეი ოფამდე ძალიან ცოტა დააკლდა

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი კონფერენსლიგის გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სან მარინოს ტრე პენე ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა (4:0, 3:0). გია გეგუჩაძის გუნდს მე-2 ეტაპზე მეტოქედ ბორისოვოს ბატე ერგო, რომელთანაც შინ 0:1 წააგო, მაგრამ სტუმრად მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მერე 0:1 მარცხდებოდა, 4:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმმა ევროთასებზე ისტორიაში პირველად გადალახა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი.

სივასპორი 1:1 დ.დ. (2:1) დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (110)

სივასპორი (4-3-3): ვურალი - ოღუზი (69. კოფი), ოსმანპაშა, ალტინაი, ჩიფტჩი - არსლანი (103. ერდალი), აზუბუიკე, ფაჯრი (81. ფელიქსი) - ილმაზი (59. გრადელი), ჯეიმსი (59. იატაბერე), კაიოდე

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი (113. გაგოშიძე), მანჯგალაძე (46. მანჯგალაძე) - მამუჩაშვილი (102. შინდაგორიძე), ალთუნაშვილი (113. გროცურეკი), ჯიღაური (73. ნავალოვსკი) - ჯოვინო (85. ნიქაბაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები