Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გეიბლ სტივესონი ამერიკულ რადიოგადაცემაში Pardon My Take ჩაერთო და გენო პეტრიაშვილთან დრამატულ გამარჯვებაზე ისაუბრა. 21 წლის ტრიუმფატორის განცხადებით, ქართველი ფალავანი ბოლო წამებზე განცდილი მარცხით ძალიან გულგატეხილი იყო და ეს, გასახდელშიც გამოჩნდა.

გეიბლ სტივესონმა გადამწყვეტი ქულები ბოლო წამებზე აიღო

“ჩვენი ორთაბრძოლა ამერიკულ მთებს ჰგავდა. თავდაპირველად მე ვიგებდი, შემდეგ კი, შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე 5:8 ჩამოვრჩი. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, რომ მე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისთვის არ ვიყავი ჩასული. მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ნახევარი წუთი მრჩებოდა, ამიტომაც სიჩქარეებს მოვუმატე და ყველაფერი გამომივიდა. ვფიქრობ, ყველაფერი ჩემმა სწორმა აზროვნებამ და გულით მოქმედებამ განაპირობა. გენო წაგებამ ძალიან გაანაწყენა, მაგრად გულგატეხილი იყო, გასახდელში სხვადასხვა საგნებს ისროდა და ყველაფერს მუშტებს ურტყამდა. მისი სრულიად მესმის, ოლიმპიადის მოსაგებად ლამის მთელი ცხოვრება ემზადები და უცბად ასეთი რამ როდესაც გემართება, ძნელი გადასატანია. თუმცა, ჭიდაობა ასეთია. წაგება მეც ძალიან არ მინდოდა“.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილისა და სტივესონი ერთმანეთს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) დაუპირისპირდნენ და მაყურებელს ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ორთაბრძოლა შესთავაზეს. ამერიკელი მოჭიდავე ქართველს ბრძოლის დასრულებამდე 13 წამით ადრე 3 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, გადამწყვეტი ილეთი ზუსტად ბოლო წამზე მიითვალა და საბოლოოდ, 10:8 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები