Thumbnail

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევმა (-97 კგ), რომელმაც 1/4-ფინალში ელიზბარ ოდიკაძე დაამარცხა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისგან საჩუქრად მილიონი დოლარი მიიღო.

25 წლის დაღესტნელმა მოჭიდავემ, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (რიოში -86 კგ-ში გაიმარჯვა), თავად განაცხადა, რომ საჩუქრად სოლიდური თანხა თანამემამულე დეპუტატისგან, მაგომედ გაჯიევისგან მიიღო.

"მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს თანამემამულეს, სახელმწიფო დუმის დეპუტატ მაგომედ გაჯიევს, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის მილიონი დოლარი მაჩუქა. უყურაღდებოდ არც ჩემი მწვრთნელ შამილ ომაროვი დარჩა. შევეცდებით, გულშემატკივრები ახალი გამარჯვებებით მომავალშიც გავახაროთ", - აქვეყნებს სადულაევის სიტყვებს რუსული მედია. 

დაღესტნელ მოჭიდავეს ღვაწლი თანამემამულე დეპუტატმა დაუფასა

სადულაევმა ოდიკაძეს 1/4-ფინალში ანგარიშით 10-0 სძლია, ფინალში კი ამერიკელ კაილ სნაიდერს აჯობა (6:3) და ოქროს მედალს დაეუფლა. 32 წლის ქართველმა მოჭიდავემ რეპეშაჟში გამოსვლის უფლება კი მიიღო, მაგრამ იქ აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან წააგო (5:7) და საბოლოდ უმედლოდ დარჩა.

შეგახსნებთ, რომ ტოკიოს თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის, სახელმწიფომ ქართველ სპორტსმენებს ჯილდოდ მილიონი ლარი დაუწესა. იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები