Thumbnail

ინიესტა: მესის სხვა გუნდის მაისურით ხილვა ძალიან მტკივნეული იქნება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლიონელ მესის ფრანგულ პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არგენტინელი ვარსკვლავის წასვლის შემდეგ, ბარსას რთული პერიოდი ექნება.

“ვერ გეტყვით, ბარსელონაში რა მოხდა, მოვლენები როგორ ვითარდებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ კლუბს ამ ტრანსფერის შემდეგ მოძლიერებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. მესის სხვა გუნდის მაისურით ხილვა ძალიან მტკივნეული იქნება. ლეო ხომ ბარსელონას განსახიერება იყო. ის ყველაფერი იყო, გაცილებით მეტი, ვიდრე ერთი უბრალო მოთამაშე. ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს და არც კი ვიცი, მომავალში ვნახავ თუ არა. ბარსელონა მაინც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება. ეს კლუბი მაინც მწვერვალზე უნდა იყოს”.

ლეო მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ცნობილია, რომ პარიზულ კლუბში არგენტინელის ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება. მესის დებიუტი პსჟ-ში 14 აგვისტოს უნდა შედგეს – პარიზელები ლიგა 1-ის მე-2 ტურში სტრასბურს უმასპინძლებენ. 

ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და მიითვალა 305 საგოლე პასი. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა.

37 წლის ანდრეს ინიესტა ამჟამად იაპონური ვისელ კობეს ღირსებას იცავს, ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში კი 1996 წელს მოხვდა და კატალონიური გრანდის ღირსებას 2018 წლამდე იცავდა. ინიესტა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი (ორჯერ) გახდა, ბარსელონას მაისურით კი, ესპანეთის ჩემპიონატში 9-ჯერ, ქვეყნის თასზე 6-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები