Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა ლევან მაისაშვილთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამხრეთ აფრიკაში მკურნალობს.

“როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო “ნეთქეა მილპარკ ჰოსპიტალში“, კოვიდ-ინფექციით გამოწვეული გართულებებით. მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ჩვენს ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო “ნეთქეა ჰოსპიტალების” ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით “ნეთქეა მილპარკის” ექიმების გუნდს, მათი თავდაუზოგავი შრომისა და  დიდი ყურადღებისათვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი მოვუწოდებთ რომ ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის. ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს, ასევე საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და  ქართულ რაგბს”.

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილს კოვიდ 19 სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონებთან ტესტებისთვის იმყოფებოდა. კორონავირუსი რამდენიმე “ბორჯღალოსანსაც” დაუდასტურდა, თუმცა, მაისაშვილის მდგომარეობა ძალიან გართულდა, რაც ფილტვების დაზიანებით იყო გამოწვეული. ლევან მაისაშვილი ეროვნულ ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. “ბორჯღალოსნებმა” მისი ხელმძღვანელობით 2020 და 2021 წლის რაგბი ევროპის ტიტულები მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები