Thumbnail
დინამო ბათუმის ვარჯიში სივასში

🇹🇷🆚🇬🇪 FC Dinamo Batumi თურქეთშია და სივასპორთან სათამაშოდ ემზადება. როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვს გია გეგუჩაძის გუნდს? 🔗 მატჩის წინ: bit.ly/SIVvDBT_

Posted by popsport on Thursday, August 12, 2021


დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თურქულ სივასპორს სტუმრად ეთამაშება და საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრის წაგების (1:2) შემდეგ, დასაკარგი არაფერი აქვს, შანსი კი - არის!

იმისათვის, რომ პლეი ოფში გავიდეს, გია გეგუჩაძის გუნდს თურქეთში ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება, ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში დამატებითი დრო ელის და, შესაძლოა, პენალტების სერიაც დაინიშნოს, რადგან ევროტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი აღარ მოქმედებს.

ბათუმში გამართულმა თამაშმა აჩვენა, რომ თურქული გუნდი დაუმარცხებელი არ არის. რომ არა დასანანი შეცდომები და საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი, თავისუფლად შეიძლებოდა, სულ სხვა ვითარება ყოფილიყო. ბათუმელებს ნამდვილად შეუძლიათ ბოლომდე იბრძოლონ, თუნდაც სტუმრად, თურქული გუნდის მშობლიურ არენაზე. თანაც, წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმმა დიდი გამოცდილება მიიღო და ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში იყო, როცა ბატესთან შინ წააგო, მაგრამ სტუმრად გაიმარჯვა. მოკლედ: რატომაც არა კიდევ ერთხელ იგივე? ცხადია, სივასპორი ბატე არ არის და გაცილებით ანგარიშგასაწევი, ძლიერი და გამოცდილი გუნდია, მაგრამ შეუძლებელი მაინც არაფერია.

დინამო ბათუმმა ევროსარბიელზე ბოლო ორ საგარეო მატჩში 8 გოლი გაიტანა, ოთხჯერ ტრე პენესთან და ოთხჯერაც ბატე-სთან. ევროთასებს მიღმაც, გეგუჩაძის გუნდი შიდა ასპარეზზეც წარმატებით თამაშობს, საქართველოს ჩემპიონატში ლიდერია და დინამო თბილისს 2 ქულით უსწრებს, ეროვნული ლიგა ერთთვიანი პაუზის შემდეგ გასულ უქმეებზე განახლდა და ზღვისპირელებმა შინ სამტრედია 3:1 დაამარცხეს. გადამწყვეტი იყო ლადო მამუჩაშვილის გოლი, რითაც ბათუმელებმა სამტრედიელები 81-ე წუთზე "გატეხეს".

მამუჩაშვილმა სივასპორთან ეფექტური ჯარიმა გაიტანა

სამტრედიასთან მატჩში დაშავდა ფლამარიონ ჯოვინო, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, თუმცა, მისი თამაში თურქეთში ჯერჯერობით გამორიცხული არ არის. მცირე ტრავმა აწუხებს გუნდის კაპიტან მამუკა კობახიძეს, რომლის საკითხიც მატჩის დღეს გადაწყდება. სამწუხაროდ, ბათუმელებს თურქეთში მთავარი მეკარე ლაზარე კუპატაძე დააკლდებათ. გამგზავრების წინ 25 წლის გოლკიპერის კოვიდტესტი დადებითი აღმოჩნდა. 

თურქულმა კლუბმა ბათუმში საკმაო დანაკლისით ითამაშა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა - სამბა კამარამ, ისააკ კოფიემ, აჰმეთ ოღუზმა და ერდოღან იეშილიურტმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს და მატჩისთვის მზად იქნებიან. სივასპორს დაუბრუნდა ერთ-ერთი ლიდერი მაქს გრადელი, რომელიც კოტ დ'ივუარის ნაკრებში ოლიმპიადაზე თამაშობდა და ბათუმში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა. ჯერ ისევ ტრავმირებულია პედრო ენრიკე, რომელსაც პირველი თამაშიც გაუცდა.

ბათუმელებს თურქეთში სასურველი შედეგის მიღწევა პირველი მეკარის გარეშე მოუწევთ

სივასპორმა თურქეთის ჩემპიონატის შარშანდელი სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. ზოგადად, ეს კლუბი ბოლო წლებში სტაბილურად თამაშობს. მაგალითად, 2019/20 წლების სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, საუკეთესო შედეგი კი 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა, როცა თურქეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამის მიუხედავად, სივასს ევროსარბიელზე თამაში საკმაოდ უჭირს. იქ დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, როცა ინტერტოტოს თასზე ითამაშა, მაგრამ პორტუგალიურ ბრაგასთან განადგურდა (0:2, 0:3). მერე იყო ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდერლეხტთან მატჩები, რომელსაც შინ 3:1 მოუგო, მაგრამ სტუმრად 0:5 დამარცხდა.

ევროთასებზე სივასპორს ყველაზე წარმატებული სეზონი შარშან ჰქონდა, როცა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. იქ აზერბაიჯანულ ყარაბაღს ორჯერ მოუგო (2:0, 3:2), მაგრამ ასევე ორ-ორჯერ დამარცხდა ტურნირის მომავალ ჩემპიონ, ესპანურ ვილიარეალთან (0:1, 3:5) და თელ-ავივის მაკაბისთან (1:2, 0:1).

მიმდინარე სეზონში თურქულმა გუნდმა მოლდოვური პეტროკუბი იოლად დაამარცხა - 1:0, 1:0. აღსანიშნავია, რომ თურქეთის სუპერლიგა 16 აგვისტოს იწყება და ევროთასებზე რიზა ჩალიმბაის გუნდს მშვიდად შეუძლია ყურადღების გამახვილება.

სივასპორს ყველა ტურნირზე 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (13 მოგება, 7 ფრე) და ბოლოს 11 თებერვალს, თურქეთის თასზე, ანტალიასპორთან წააგო (0:1). სხვათა შორის, თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ბოლო წაგებაც ანტალიასპორთან განიცადა (31 იანვარს) და მას მერე სუპერლიგა წაუგებლად განვლო.

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმის სტატისტიკა ევროსარბიელზე ასეთია: 22 მატჩი, 9 მოგება, 2 ფრე, 11 წაგება, 31 გატანილი და 32 მიღებული ბურთი.

დინამო ბათუმი ევროთასებზე როდესაც კარს მშრალად ინახავს, იმ მატჩს იგებს - ზღვისპირელებმა ევროტურნირებზე 9 თამაში მოიგეს ისტორიაში და 8 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახეს. ერთადერთი გამონაკლისი ბორისოვოში იყო, როცა ბათუმელებმა გაუშვეს და ისე მოიგეს (4:1).

გია გეგუჩაძე დღემდე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელსაც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მან უეფას თასის ჯგუფში 2004/05 წლების სეზონში დინამო თბილისი გაიყვანა.

გეგუჩაძე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელმაც ევროსარბიელზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გადალახა (დინამო თბილისი, ზესტაფონი, დინამო ბათუმი).

დინამო ბათუმმა ევროთასებზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ისტორიაში პირველად დაძლია.

დინამო ბათუმს ევროთასებზე ბოლო 15 მატჩი ფრედ არ უთამაშია (6 მოგება, 9 წაგება).

ბატესთან საპასუხო და სივასპორთან პირველ მატჩამდე ბათუმელთა მიერ ევროთასებზე ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში გოლის გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. 1996 წელს პსვ ეინდჰოვენთან (1:1) დაწყებული ტრადიცია ორი კვირის წინ ბელარუსში დაირღვა, ორივე გუნდმა გაიტანა და იგივე მოხდა 1 კვირის წინ ბათუმში თურქული გუნდის წინააღმდეგ.

დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სივასპორის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. აღსანიშნავია, ამ ხუთ თამაშში სამჯერ დაფიქსირდა ანგარიში 2:1 და ორჯერ - 1:0.

სივასპორს ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს.

სივასპორს ევროთასებზე ისტორიაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და ფრედ ერთადერთხელ ითამაშა (2008 წელს, ინტერტოტოს თასზე მონტენეგროს გრბალისთან 1:1). მას მერე 15 თამაშია ევროპაში ფრედ არ თამაშობს (6 მოგება, 9 წაგება).

დინამო ბათუმა თურქულ კლუბებთან ოფიციალურად პირველად 1 კვირის წინ ითამაშა, ისევე როგორც სივასპორმა ქართული კლუბის წინააღმდეგ. მანამდე ბოლო ქართულ-თურქული მატჩი ევროსარბიელზე 2014 წელს შედგა, როცა ჩიხურამ ევროპალიგიდან ბურსასპორი გააგდო.

სავარაუდო შემადგენლობები

სივასპორი (4-3-3): ვურალი - ოღუზი, ოსმანპაშა, გუტასი, ჩიფტჩი - არსლანი, აზუბუიკე, ფაირი - გრადელი, იატაბერე, კაიოდე

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, ჯიღაური, შინდაგორიძე - ფანცულაია

კომენტარები

ბოლო ამბები