Thumbnail

ოლიმპიურ თამაშებს თავისი სპეციფიკა აქვს - წარმატება რომ მოიპოვო, შენს სახელმწიფოში სპორტი ბევრი პროფილით და მიმართულებით უნდა იყოს განვითარებული. ამას დიდი ფინანსები, გამართული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის რაოდენობა სჭირდება. ანუ, ბრაზილიასავით 'ფეხბურთი გვიყვარს და კარგად ვთამაშობთ' ისტორია ოლიმპიურ თამაშებზე არ გამოდის. ამდენი განსხვავებული სპორტის სახეობის განვითარებას მხოლოდ სურვილი და ენთუზიაზმი არ შველის. სწორედ ამიტომ, მედლების მხრივ პირველ ათეულში მხოლოდ ის ქვეყნებია, სადაც მოსახლეობა 50 მილიონი და მეტია. გამონაკლისი ერთადერთია - ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული ნიდერლანდები 17-მილიონიანი მოსახლეობით.

პირველი ათეულის ყველა ქვეყანა მოწინავე ეკონომიკაა დიდი ფინანსური რესურსით. გამონაკლისად აქაც შეიძლება რუსეთი მივიჩნიოთ, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება, თუმცა სპორტში ტრადიციულად ძალიან ბევრს ხარჯავს - რუსული სპორტი სახელმწიფოს დაფინანსებაზეა.

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ამ მოცემულობაში საქართველო პატარა ქვეყნის კვალობაზე თავისი 4-მილიონიანი მოსახლეობით და მცირე ეკონომიკური რესურსებით ძალიან კარგად გამოვიდა. საქართველოს დელეგაციამ ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანუ, საქართველოს 0.5 მილიონზე ერთი მედალი აქვს. სტატისტიკურად ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე აშშ-ის, რომელსაც 330-მილიონიანი მოსახლეობის ფონზე 118 მედალი აქვს - ერთი მედალი ყოველ 2.8 მილიონზე. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს საქართველოზე თითქმის 6-ჯერ ცუდი შედეგია. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ პარამეტრებზე.

მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ჩინეთი ყოველ 16 მილიონ მოსახლეზე ერთ მედალს იგებდა, იაპონია 2.1 მილიონ მოსახლეზე ერთ მედალს, ბრიტანეთი - ერთ მილიონ მოსახლეზე ერთ მედალს, ხოლო რუსეთი - ორ მილიონ კაცზე ერთ მედალს. ათეულის ქვეყნებს შორის საქართველოსნაირი შედეგი მხოლოდ ნიდერლანდებს აქვთ, რომელიც ყოველ 0.47 მილიონზე ერთ მედალს იგებდა.

21 წლის ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა ტოკიოში
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ამ სტატისტიკის მიხედვით, საუკეთესო ახალი ზელანდია იყო. 5-მილიონიანმა ქვეყანამ 20 მედალი აიღო, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 0.25 მილიონზე ზელანდიას ერთი მედალოსანი ჰყავს. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ მხოლოდ იამაიკას (0.3 მილიონზე ერთი მედალოსანი) და სლოვენიას (0.4 მილიონზე ერთი მედალოსანი).  საქართველოსნაირი სტატისტიკა კი ხორვატიას და ნორვეგიას აქვთ.

გასათვალისწინებელია სხვა დეტალიც: ჩვენ საქართველოს სტატისტიკა 4 მილიონ მოსახლეზე დავთვალეთ, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების და დიდი მიგრაციის გამო, საქართველოს რეალური მოსახლოება დღეს ბევრად უფრო ნაკლებია. ამას დაამატეთ ტალანტის გადინების პროცესიც. ამ ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების დროშით მოასპარეზე ქართველები ბევრი ვნახეთ. ცუდი ეკონომიკური რეალობის და კიდევ სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველო ტალანტს ყოველწლიურად კარგავს.

ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ანუ, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე 8 ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის ძალიან კარგი შედეგია, ერთ-ერთი საუკეთესო მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს შედეგი კიდევ უკეთესი ხდება, თუ ეკონომიკურ პარამეტრებსაც განვიხილავთ. ზემოთ ხსენებული ნიდერლანდები, ზელანდია, ნორვეგია, სლოვენია და ხორვატია სპორტში ბევრად უფრო მეტს ხარჯავს და ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვთ.  დაახლოებით საქართველოს მსგავსი ეკონომიკური მაჩვენებლები მხოლოდ იამაიკას აქვს.

დასკვნა მხოლოდ ერთია: საქართველოს ძალიან სპორტული ქვეყანაა. მოსახლეობის შეზღუდული რაოდენობის, დიდი მიგრაციის და შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ფონზე 8 მედალით ოლიმპიური თამაშების დასრულება მნიშვნელოვანი მიღწევაა.

კომენტარები

ბოლო ამბები