Thumbnail

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია (+75 კგ) ბოლო ქართველი სპორტსმენი იყო, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. მან ჯგუფში 4 შეხვედრა გამართა, 1 მოიგო, 2 წააგო და ერთის შედეგიც (გერმანელ ჯონათან ჰორნესთან) ანულირდა. ამგვარად, გოგიტა ჯგუფიდან ვერ გავიდა და მედლის გარეშე დარჩა.

არქანიამ თავისი გამოსვლა შეაფასა და ბოდიში მოიხადა, რომ გულშემატკივრის მოლოდინი ვერ გაამართლა:

"როგორც მინდოდა, ისე არ წამივიდა შეხვედრები. ალბათ, ეს ნერვიულობის გამო მოხდა, ჩემი ბრალია. ძალიან მეწყინა, რომ გერმანელმა ჯონათან ჰორნემ შეხვედრა ასე დაასრულა. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ექიმებს, მთლიანად ოლიმპიურ კომიტეტს. ბოდიში, რომ იმედი ვერ გაგიმართლეთ", - თქვა არქანიამ.


იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს გუნდმა კი, რომელიც 35 სპორტსმენისგან შედგებოდა, გამოსვლა უკვე დაასრულა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ტოკიოში 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (კლასიკური ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ბრინჯაოს კი ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები