Thumbnail
  • ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიადა 8 მედლით დაასრულა, ეს რეკორდია
  • დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 40 მედალი მოვიპოვეთ, აქედან 10 ოქრო
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიური ფაქტები და სტატისტიკა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს სრულდება, თუმცა ქართული დელეგაციისთვის ოლიმპიადა ერთი დღით ადრე მორჩა. ჩვენმა 34-მა მონაწილემ უკვე იასპარეზა იაპონიის დედაქალაქში. ტოკიოს ოლიმპიადა ქართული დელეგაციისთვის ერთდროულად წარმატებულიც გამოდგა და სკანდალურიც.

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ქართულმა დელეგაციამ ტოკიოში 8 მედლით დაასრულა ასპარეზობა, ეს რეკორდია. მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ასპარეზობს ოლიმპიადებზე (ატლანტა 1996-დან) ამდენი მედალი გუნდს არასდროს მოუპოვებია. იყო 7-7 მედალი პეკინსა (2008 წ) და რიო დე ჟანეიროში (2016), ასე რომ, შედეგი ერთი მედლით გაუმჯობესდა. 

მიუხედავად ამისა, ტოკიო ვერ გახდა საუკეთესო ოლიმპიადა ქართული დელეგაციისთვის - ოქროების რაოდენობით (რაც ყოველთვის პრიორიტეტულია) პეკინის ოლიმპიადამ აჯობა მას - ჩინეთის დედაქალაქში 2008 წელს სამი ოქრო მოვიპოვეთ. არადა, ამ შედეგის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი იყო - ქართველებმა ხომ ხუთი ფინალი წააგეს! განსაკუთრებით ახლოს ოქროს მედლებთან მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყვნენ. გენომ ოლიმპიური ჩემპიონობა სულაც უკანასკნელ წამზე დაკარგა. 

21 წლის ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა ტოკიოში
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ძალიან კარგია, კიდევ მეტი შეიძლებოდა - როგორ არ აღვნიშნოთ, რომ ქართველმა ათლეტებმა ბრინჯაოს მედლისთვის 5 ორთაბრძოლა წააგეს. ასე რომ, თავისუფლად შეიძლებოდა, ქართულ დელეგაციას 13 მედალი ჰქონოდა, ეს კი უბრალოდ ფანტასტიკური შედეგი იქნებოდა.

ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ - თუ 21 წლის ბექაურისთვის ეს პირველი ტრიუმფია, ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ეს პირველად მოხდა საქართველოს სახელით. 

ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მედლების სრული კომპლექტი აქვს
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

სანამ უშუალოდ სტატისტიკაზე გადავალთ, ვიტყვით, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მედლები 1992 წელს ბარსელონაშიც მოიპოვეს, ე.წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირი უკვე ოფიციალურად დაშლილი იყო, მაგრამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ჯერ არ იყვნენ სოკ-ის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთა საპატივცემულოდ ეროვნული დროშა იღმართებოდა და ჰიმნი იკვრებოდა, სამწუხაროდ, ოფიციალურ ჩათვლაში ეს მედლები საქართველოს არ ეთვლება. ისევე, როგორც არ გვეთვლება მედლები საბჭოთა კავშირის სახელით მოპოვებული. 

ბარსელონაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, ძალოსანი კახი კახიაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლერი ხაბელოვი. მოკრივე რამაზ ფალიანმა ბრინჯაო მოიპოვა, ისევე, როგორც მოჭიდავეებმა დავით გობეჯიშვილმა და გოგი კოღუაშვილმა. მშვილოდსნობის გუნდურში ბრინჯაო მოიპოვა ხათუნა ქვრივიშვილმა, ასევე მეწყვილესთან ერთად ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ჩოგბურთელი ლეილა მესხი. 

კალაშნიკოვა და გორგოძე ოლიმპიადის მიღმა დარჩნენ, მათ ნაცვლად მოხვედრილი ბრაზილიელები კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ამ ოლიმპიადას ქართული დელეგაციისთვის უსკანდალოდ არ ჩაუვლია - ყველაზე ხმაურიანი კი ოქსანა კალაშნიკოვას საქმე იყო. როგორც ბოლოს გაირკვა, ოქსანა კალაშნიკოვას რეიტინგი საკმარისი იყო, რომ ის მეწყვილესთან ერთად ბოლო მომენტში ოლიმპიელი გამხდარიყო, მაგრამ სეოკ-ს მის სახელზე ოფიციალური განაცხადი არ გაუგზავნია. ასე დააკლდა დელეგაციას ორი წევრი. მეტიც, იმ ბრაზილიურმა წყვილმა, რომელმაც ოლიმპიადაზე ქართველი ჩინოსნების შეცდომის თუ გულგრილობის წყალობით იასპარეზა, ტოკიოში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

ტოკიოში 35 ქართველი სპორტსმენი წავიდა, მაგრამ 33-მა იასპარეზა. მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი დოპინგტესტზე ჩავარდა, ხოლო მოცურავე მარიამ იმნაძე - კოვიდტესტზე. სკანდალში გაეხვნენ ჩვენი ძიუდოისტებიც, რომელთაც კოვიდრეგულაციები დაარღვიეს, რის გამოც ისინი მასპინძლებმა ტოკიოდან გამოუშვეს. კიდევ კარგი, რომ მათ ამ დროს უკვე მოპოვებული ჰქონდათ მედლები. 

საქართველოს მედლები ოლიმპიადებზე - საინტერესო ფაქტები

🏅 საქართველომ ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა და რაოდენობრივად პეკინისა და რიოს მიღწევა ერთი მედლით გააუმჯობესა. 

🏅 ტოკიოში ქვეყანამ 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. 

🏅 ვერცხლის მედლების რაოდენობით (5) ეს ოლიმპიადა რეკორდულია. აქამდე ქართულ დელეგაციას 2 ვერცხლზე მეტი არასდროს მოუპოვებია. 

🏅 ზედიზედ 5 ოლიმპიადაა, რაც საქართველო ოქროს გარეშე არ რჩება. ზედიზედ 4 ოლიმპიადაა, რაც საქართველოს მედლების სრული კომპლექტი აქვს.  

🏅 ყველაზე მეტი ოქრო საქართველომ პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა - 3. 2-2- ტოკიოში, ათენში და რიოში.

🏅 დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სულ 10 ოქრო მოვიპოვეთ. ეს 9 სპორტსმენმა გააკეთა. 

🏅 ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, ვინც საქართველოს სახელით 2-ჯერ მოიგო ოლიმპიადა.

🏅 ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთია, ვინც საქართველოს სახელით 3 ოლიმპიური მედალი მოიპოვა (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).

🏅 დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 40 მედალი მოვიპოვეთ: 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.

🏅 ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს სახელით ოლიმპიური მედალი მოიპოვა. 

🏅 ტოკიოში 8 მედლიდან ნახევარი (4) ძიუდოისტების ანგარიშზეა, 2 ძალოსნების, 2 მოჭიდავეების.

🏅 სულ 40 მედლიდან 19 მოჭიდავეების ანგარიშზეა, 12 ძიუდოისტების, 7 ძალოსნების, თითო მოკრივეებისა და მსროლელების.

🏅 ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურ ჩემპიონად რჩება ლაშა შავდათუაშვილი (20 წელი, 6 თვე, 2 დღე). ლაშა ბექაური ტოკიოში ჩემპიონი 21 წლის და 2 დღის ასაკში გახდა.

ტოკიო 2020 ყველა მედალი. საქართველო

🥇 ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

🥇 ლაშა ბექაური (ძიუდო)

🥈 ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)

🥈 ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

🥈 გურამ თუშიშვილი (ძიუდო)

🥈 იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

🥈 გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

🥉 ანტონ პლესნოი (ძალოსნობა)

კომენტარები

ბოლო ამბები