Thumbnail

წინსვლა რეიტინგში - სანდრო ბაზაძე მსოფლიოში მე-4 ნომერია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სანდრო ბაზაძის პროგრესი FIE-ს რეიტინგში
  • ქართველი ხმლით მოფარიკავე მე-4 ადგილზეა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობის რეიტინგში მე-4 ადგილზე აღზევდა, რაც მისი კარიერის სარეკორდო მაჩვენებელია. FIE-მ 2021/22 წლების სეზონის წინ რეიტინგი კიდევ ერთხელ განაახლა და ბაზაძემ მე-5 პოზიციიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

ქართველ მოფარიკავეს, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-4 ადგილზე გავიდა და მედლის მოპოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, 130 ქულა აქვს და მას მხოლოდ სამი სპორტსმენი უსწრებს - უნგრელი ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი იტალიელი ლუიჯი სამელე და სამხრეთკორეელი ოჰ სანგუკი.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადის სტარტზე ზედიზედ ორ ეგვიპტელ სპორტმენს აჯობა, მეოთხედფინალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოჰ სანგუკი დაამარცხა, მთავარი ამბები კი ნახევარფინალში გადახდა: უკვე ლეგენდარულ სილაგისთან შეხვედრას ეგვიპტელი არბიტრი სჯიდა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. არაფერი იყო საეჭვო მაშინ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად სანდროს მოპოვებული ქულა სილაგის მიანიჭეს, რამაც ქართველი სპორტსმენი გატეხა. მან უნგრელთან 13:15 წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის კი სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან 11:15 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები