Thumbnail
  • 32 წლის მოჭიდავემ ტოკიოში ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა
  • ოდიკაძე აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (-97 კგ), რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 5:7 წააგო.

ოდიკაძე რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ოდიკაძემ პირველ პერიოდში მეტოქეს ქულა აუღო, მაგრამ შარიფოვმა ელიზბარს ფეხი დაუჭირა და 2 ქულის აღება მოახერხა. ოდიკაძემ მეორე პერიოდი აქტიურად დაიწყო, მეტოქეს 30-წამიანი დროც ჩაურთეს, მაგრამ შარიფოვმა ამ დროში ქულა აიღო და 3:1 დაწინაურდა.

ბოლო წუთზე ოდიკაძემ მეტოქის ფეხი აიღო, ანგარიში გაათანაბრა და კიდევ ერთი გადატრიალების შემდეგ, ელიზბარი 5:3 დაწინაურდა. აზერბაიჯანელმა მეტოქემ წინ გასვლა მაინც შეძლო და 13 წამით ადრე ანგარიში შარიფოვის სასარგებლოდ 6:5 გახდა. ელიზბარმა ბოლო წამზე მეტოქე თითქოს პარტერში გადაიყვანა, მაგრამ ჩელენჯის დროს გამოჩნდა, რომ ეს არ მომხდარა და საბოლოოდ ოდიკაძემ ბრძოლა 5:7 დათმო.


შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც მსოფლიოსა და ევრიოპის ჩემპიონატების პრიზიორია, ტოკიოში გამოსვლა 6 აგვისტოს დაიწყო. 1/8-ფინალში მან ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრთან, აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო. ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და შედეგად, ოდიკაძემ დამამშვიდებელ წრეში გამოსვლის უფლება მიიღო. 

იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს გუნდმა კი, რომელიც 35 სპორტსმენისგან შედგებოდა, გამოსვლა უკვე დაასრულა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ტოკიოში 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (კლასიკური ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ბრინჯაოს კი ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები