Thumbnail

გოგიტა არქანია უმედლოდ დარჩა - საქართველომ ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის ბოლო წარმომადგენელმა იასპარეზა - კარატეში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა გოგიტა არქანიამ. 37 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც თამაშებზე +75 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა, A ჯგუფში 4 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და 1/2-ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ კარატე ოლიმპიურ თამაშებზე წელს პირველადაა წარმოდგენილი, თუმცა სპორტის ამ სახეობას 2024 წელს, პარიზის თამაშებზე პროგრამიდან ისევ ამოიღებენ.

გოგიტამ "ნიდონ ბუდოკანის" დარბაზში პირველი შეხვედრა იაპონელ რიუტარო არაგასთან ჩაატარა. ფრთხილი და დაძაბული შეხვედრა მასპინძელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა - 3:2.


ამის შემდეგ არქანია თურქი უღურ აკტაშს დაუპირისპირდა. თავიდან თურქი 2:0 დაწინაურდა. გოგიტამ ქულა კი აიღო, მაგრამ მალევე თავადაც გაუშვა მეტოქის იერიში და საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.  


ჯგუფში ქართველი კარატისტის მესამე მეტოქე გერმანელი ჯონათან ჰორნე იყო. დასაწყისში გოგიტა ორჯერ ქულით იგებდა, მაგრამ შემდეგ მეტოქისგან იპონი გაუშვა. ბრძოლის დასრულებამდე 5 წამით ადრე, როდესაც ანგარიში გერმანელის სასარგებლოდ 4:3 იყო, ჯონათან ჰორნემ მძიმე ტრავმა მიიღო და ტატამიდან ის საკაცით გაიყვანეს.

გოგიტას ჯერ გამარჯვება ჩაუთვალეს, მაგრამ მოგვიანებით ქულები ისევ ჩამოაკლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველი კარატისტი ჯგუფის ორ საუკეთესოს შორის მოხვედრასა და მედლისთვის ბრძოლის 1/2-ფინალში გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.


გოგიტა არქანიას ბოლო დაპირისპირებას ყაზახ დანიარ იულდაშევთან მნიშვნელობა მხოლოდ ჯგუფში საბოლოო ადგილების განაწილების თვალსაზრისით ჰქონდა. ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა 3:1 მოიგო და ჯგუფი 2 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა (გერმანელი ჯონათან ჰორნეს შედეგები გაუქმდა).


იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს გუნდმა კი, რომელიც 35 სპორტსმენისგან შედგებოდა, გამოსვლა უკვე დაასრულა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ტოკიოში 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (კლასიკური ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ბრინჯაოს კი ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები