Thumbnail

კვირას ლას ვეგასში სტარტს აიღებს NBA-ის საზაფხულო ლიგა, რომელშიც ასოციაციის 30-ვე კლუბი მონაწილეობს, თითოეული 5 მატჩს გამართავს. თავიდან ცნობილი იყო, რომ საზაფხულო ლიგაზე სამი ქართველი კალათბურთელი მიიღებდა მონაწილეობას: გოგა ბითაძე (ინდიანა), სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი) და გიორგი ბეჟანიშვილი (დენვერი). 

გოგა ბითაძისთვის ეს საზაფხულო ლიგა ძალზე საჭირო გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ 22 წლის ცენტრს მამა გარდაეცვალა და, დიდი ალბათობით, ის ამ ტურნირს გამოტოვებს (ყოველ შემთხვევაში პირველ ორ მატჩს მაინც). 

სიტუაცია აირია დენვერის ბანაკშიც, სადაც უკვე ვარჯიშობდა გიორგი ბეჟანიშვილი - კოვიდ-პროტოკოლის გამო კემპი დროებით შეწყდა. გუნდს კი ორი მოთამაშე დაამატეს. მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ, რადგან დენვერმა ორივე მცველი დაამატა, დიდი ალბათობით, ინფიცირებულთა შორის გიორგი არაა, რომელიც მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. ბეჟანიშვილი ლას ვეგასში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ამასობაში, მილუოკი ბაქსმაც გადაწყვიტა, რა შემადგენლობით ითამაშებს ლას ვეგასში - სიაში არის 22 წლის სანდრო მამუკელაშვილიც, რომელმაც უკვე გააფორმა ხელშეკრულება NBA-ის ჩემპიონთან. ეს მოსალოდენლიც იყო, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი ნომრები, ასე რომ, უცნობია ითამაშებს თუ არა სანდრო მილუოკიშიც 23-ნომრიანი მაისურით, როგორც სეტონ ჰოლში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები