Thumbnail

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოცდილი წევრი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ტოკიოს ოლიმპიადის 1/4-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდა და 0:10 დამარცხდა.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა (ოღონდ, 86 კგ-ში) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 4-4-გზის გამარჯვებულმა პირველი პერიოდი ოდიკაძეს 4:0 მოუგო. სადულაევმა მეორე პერიოდის სტარტზე 4-ქულიან გდებას 2 ქულიანი ილეთიც მიაყოლა და ბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულა.

ელიზბარ ოდიკაძემ აბდულრაშიდ სადულაევთან შეხვედრაში ქულის აღება ვერ მოახერხა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

სადულაევის ფინალში გასვლის შემთხვევაში (რუსი ნახევარფინალში კუბელ რეინერის სალას პერესს შეხვდება), ელიზბარი რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ორი ბრძოლის მოგება დასჭირდება, რათა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლოს. უკვე ცნობილია, რომ ოდიკაძის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი იქნება და თუკი იმარჯვა, მე-3 ადგილისთვის ხსენებულ კუბელს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული 7 მედალია - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. დღეს, ერთი მედალი გარანტირებული გვაქვს, რადგანაც მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში ამერიკელთა ამომავალ ვარსკვლავს, 21 წლის გეიბლ სტივენსონს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები