Thumbnail

ეს ძალიან დასანანი მარცხია! დინამო ბათუმი ახლოს იყო სივასპორთან გამარჯვებასთან, მაგრამ სამწუხაროდ, თურქებმა თამაშის შეტრიალება მოახერხეს...

უეფას კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქულ სივასპორს მასპინძლობდა და ვლადიმერ მამუჩაშვილის ეფექტური გოლით უგებდა, მაგრამ მეტოქემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალება შეძლო - 1:2. საპასუხო მატჩი თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება. 

ბათუმელები მამუჩაშვილის შესანიშნავად შესრულებული ჯარიმით იგებდნენ

გია გეგუჩაძის გუნდმა მანამდე სან მარინოს ტრე პენესა (4:0, 3:0) და ბელარუსის ბატე-ს (0:1, 4:1) ბარიერები გადალახა და თურქეთის სუპერ ლიგის მე-5 ადგილოსანთან თამაშის უფლება დაიმსახურა. დინამო ბათუმს ამ მატჩში ლუკას გროცურეკი და გიორგი ზარია აკლდა. 

გეგუჩაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, განსაკუთრებით აქტიურობდა ფლამარიონ ჯოვინო, რომელიც მარცხენა ფლანგიდან აწყობდა რეიდებს. 33-ე წუთზე პირველი საგოლე მომენტი შეიქმნა - ირაკლი აზაროვმა ძალიან მახვილი კუთხიდან ჯარიმა პირდაპირ კარში დაარტყა და მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, ამ კუთხურს კი ოლეკსანდ აზაცკის სახიფათო თავური მოჰყვა. ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში ჯოვინოს აქტიურობას ძალზე სახიფათო საჯარიმო მოჰყვა სივასის კართან და ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა ჯარიმა - 1:0.

68-ე წუთზე მოედანზე სიტუაცია მას მერე დაიძაბა, რაც ჯოვინოს ორთაბრძოლა მეკარე ვურალმა მოუგო. საბედნიეროდ, გაწევ-გამოწევის იქით საქმე არ წასულა, მსაჯმა ორი სტუმარი გააფრთხილა. 

75-ე წუთზე კი სივასპორმა ანგარიში გაათანაბრა - მარცხიდან ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ნიგერიელმა ლეკე ჯეიმსმა კობახიძეს დაასწო და თავით გაიტანა. დარჩენილ დროში ბათუმელები მაქსიმალურად ეცადნენ, მაგრამ გატანა ვეღარ მოახერხეს. პირიქით, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა კაიოდემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა - საბოლოოდ 1:2. ამის შემდეგ ბათუმმა შტურმი მოაწყო, თუმცა ალი შაშალ ვურალმა სივასი გოლისგან იხსნა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებს შორის კიდევ ერთხელ დაიძაბა სიტუაცია, თუმცა ჩხუბამდე არც ამჯერად მისულა საქმე. 

დინამო ბათუმი 1:2 სივასპორი

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (95)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი (91. ნიქაბაძე) - მამუჩაშვილი (80. შინდაგორიძე), მანჯგალაძე (46. ფანცულაია), ჯიღაური (92. ნავალოვსკი) - ფლამარიონ ჯოვინო (79. გაფრინდაშვილი)

სივასპორი (4-3-3): შაშალ ვურალი - ალთუნაი (76. ერდალი), ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფთჩი - ჰაქან არსლანი, აზუბუიკე, ფახრი (90. იოზკანი) - ს. ილმაზი (76. ფელიქსი), იატაბარე (58. ჯეიმსი), კაიოდე

გაძევება: გაფრინდაშვილი (98)

კომენტარები

ბოლო ამბები