Thumbnail
  • 20 წლის ფორვარდი კარიერას პოლონეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს
  • ვატო არველაძემ კორონასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

20 წლის ქართველმა ფორვარდმა ვატო არველაძემ კორონასთან გააფორმა ხელშეკრულება და კარიერას პოლონეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. არველაძემ თბილისის ლოკომოტივში თამაშით გამოიჩინა თავი, პოლონურ კლუბს კი მომავალი 2 წლით დაუკავშირა. ვატო კორონას ზაფხულში შეუერთდება, იქამდე კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა POPSPORT-ის კითხვებს უპასუხა... 

POPSPORT: როგორია პირველი ემოციები და როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდი პოლონეთიდან?

არველაძე: სულ 3-4 დღე ვიყავი პოლონეთში, შთაბეჭდილებები კი მხოლოდ დადებითია. ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი სტადიონით და საწვრთნელი ბაზით. ყველაფერი მომეწონა და ვფიქრობ, რომ ოპტიმალური ვარიანტია ჩემი კარიერული ტრამპლინისთვის. გავიცანი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მოკლედ, ახალ გუნდში ყველაფერია იმისთვის, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი.

POPSPORT: როგორც აღნიშნე, კორონას მწვრთნელი ჯინო ლატიერი გაიცანი. რაზე ისაუბრეთ?

არველაძე: დაინტერესებული იყო ჩემით და ეს მის საუბარში იგრძნობოდა. ამიხსნა თუ რაზე მომიწევს მუშაობა და რა კომპონენტებში მაქვს მოსამატებელი. 2-წლიანი გეგმა გამაცნო და მთლიანობაში, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა.

პოლონეთში 3-4 დღე ვიყავი. იქ ყველაფერია იმისთვის, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი

POPSPORT: კორონასთან ხელშეკრულება გააფორმე. იქნებ გაგვანდო კონტრაქტის დეტალები?

არველაძე: კორონასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, რომლის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა კიდევ ერთი წლით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვიცოდი, რომ მაკვირდებოდნენ და პოლონეთში პირდაპირ კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავედი. არავითარი სინჯები და ვარჯიშები არ ყოფილა. 

POPSPORT: გავრცელებული ინფორმაციით, შენი აგენტი მსოფლიოში ცნობილი მინო რაიოლაა. ის თუ იყო ჩართული ამ ტრანსფერში?

არველაძე: ამ ტრანსფერთან მინო რაიოლა არავითარ კავშირში არაა.

POPSPORT: კორონაში ქართველი თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა თამაშობს. თუ გქონდა მასთან შეხვედრა?

არველაძე: ნიკამ კორონაში კარგად წარმოაჩინა თავი, რამაც კლუბის მესვეურები კარგად განაწყო ქართველი ფეხბურთელების მიმართ. შევხვდი ნიკას და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა კორონაში, რადგან შესაძლოა სხვა გუნდში გააგრძელოს კარიერა. თუ ნიკა დარჩება, ეს ხელს შემიწყობს ახალ გუნდთან ადაპტაციაში.

3-4 წლის შემდეგ ვისურვებდი ისეთ ძლიერ ჩემპიონატში თამაშს, როგორიც ბუნდესლიგაა, პრემიერლიგა, ან ლა ლიგა

POPSPORT: ახსენე, რომ კორონა კარგი ტრამპლინია შენ კარიერაში. რა მიზანი გაქვს დასახული და სად წარმოგიდგენია საკუთარი თავი 3-4 წელიწადში?

არველაძე: ორი წლის წინ, საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატში ვთამაშობდი და მაშინ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ მოკლე დროში ასეთი პროგრესი მექნებოდა. მაშინ, საქართველოს უმაღლეს ლიგაში მინდიოდა თავის დამკვიდრება და შემდეგ, უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივარ. 3-4 წლის შემდეგ ვისურვებდი ისეთ ძლიერ ჩემპიონატში თამაშს, როგორიც ბუნდესლიგაა, პრემიერლიგა, ან ლა ლიგა. პოლონეთიდან ხშირად მიდიან სათამაშოდ ბუნდესლიგაში და ალბათ, გერმანიაში გადასვლა უფრო რეალურია.

POPSPORT: ძმებ არველაძეებს საფეხბურთო სამყაროში კარგად იცნობენ. ალბათ პოლონეთშიც იციან თუ რა ოჯახიდან ხარ...

არველაძე: არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფეხბურთი უყვართ და არველაძეებს არ იცნობენ. ეს ძალიან მახარებს და როდესაც შოთიზე, აჩისა და რეზიზე მელაპარაკებიან, მხოლოდ დადებითად ვიმუხტები. კორონას მწვრთნელმა იცის შოთის შესახებ.. ჩემთვის უცხოა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები ოჯახის წევრების ჩრდილში ექცევიან და საკუთარ თავს ვერ პოულობენ. მე განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობ და როდესაც კარიერას დავასრულებ, მინდა ჩემზეც ისევე ილაპარაკონ, როგორც ძმებ არველაძეებზე საუბრობენ. მინდა ჩემი კვალი დავტოვო ფეხბურთში. 

მე განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობ და როდესაც კარიერას დავასრულებ, მინდა ჩემზეც ისევე ილაპარაკონ, როგორც ძმებ არველაძეებზე საუბრობენ

POPSPORT: საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაში საასპარეზოდ ემზადება. პოლონეთში წარმატებული თამაშით ალბათ უფრო ადვილი იქნება ნაკრებში დამკვიდრება...

არველაძე: ყველა საფეხური ეტაპობრივად გავიარე: ვთამაშობდი 17-წლამდელთა ნაკრებში, შემდეგ 19-წლამდელებში და შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების ფორმაც მოვირგე. ბუნებრივია, რომ ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. თუ კორონაში კარგად წარმოვაჩენ თავს, ალბათ ეს დამიფასდება და საქართველოს ეროვნულ გუნდში მიმიწვევენ.

POPSPORT: ბოლოს, თბილისის ლოკომოტივზეც გვითხარი, სადაც კარგი თამაშით წარმოაჩინე თავი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქეცი...

არველაძე: ლოკომოტივს და ლექსო თოფურიას მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის. ამ გუნდში ყოველთვის დიდ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობდი. მადლობა გუნდის მწვრთნელ ლაშა ჭაღიაშვილს, რომელიც მენდობოდა და დიდ სათამაშო დროს მაძლევდა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც ხელი შემიწყო კარიერის განმავლობაში. ჩემ პირველ მწვრთნელებს ირაოში: გელა კაკულიას და ზაზა მაღრაძეს, რომლებიც სრულ თავისუფლებას მაძლევდნენ და მაშინ, სწორედ ეს მჭირდებოდა. ნოდარ აკობიას, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. მადლობა ვასილ მაისურაძეს, გოჩა ტყებუჩავას და გოჩა ავსაჯანიშვილს. დიდი მადლობა გიორგი დევდარიანს, რომელმაც სწორ გზაზე დამაყენა და 3 წელი ყველაფერს აკეთებდა, რომ მუდმივი პროგრესი მქონოდა. მინდა თითოეული მათგანის იმედი გავამართლო.

კომენტარები

ბოლო ამბები