Thumbnail
  • ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ირანელ მეტოქეს 6:3 მოუგო
  • ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ამერიკელი სტივენსონი იქნება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა და ოქროს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს!

გენო პეტრიაშვილმა ნახევარფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს მოუგო
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

27 წლის პეტრიაშვილმა, რომელიც გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, ამას გარდა კი, 3-ჯერ მსოფლიოს, ხოლო 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოუგია, ნახევარფინალში 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს 6:3 სძლია. საინტერესოა, რომ ქართველმა მოჭიდავემ პირველი პერიოდი 0:3 წააგო, თუმცა, მეორეში ძალიან აქტიური იყო და 6 უპასუხო ქულა მიითვალა.


შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში გენომ ეგვიპტელი კამალ აბდელმოტალები 11:0 გაანადგურა, მეოთხედფინალში კი ჩინელ ჟივეი დენგს 5:2 სძლია.

ფინალში პეტრიაშვილის მეტოქე ამერიკელთა ამომავალი ვარსკვლავი, 21 წლის გეიბლ სტივენსონი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურს 5:0 მოუგო, მთავარი სენსაცია კი მანამდე მოახდინა, როდესაც მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის ევროპის 8-გზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს (თურქეთი) 8:0 სძლია.


ცნობისთვის, 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში გადამწყვეტი ორთაბრძოლა ხვალ, 6 აგვისტოს ჩატარდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, გენოს შეხვედრა კი რიგით მე-12 იქნება.

სამწუხაროდ, ოლიმპიადას უმედლოდ დაემშვიდობა ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), რომელმაც მერვედფინალში იტალიელ ფრანკ ჩამიზო მარკესთან 1:5 წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში ვერ გავიდა, ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში გადასვლაც ვერ მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები