Thumbnail

დიდი შანსია, 22 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე NBA-ს მოახლოებულ საზაფხულო ლიგას დააკლდეს, რაც მისი კარიერისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.

ინდიანა პეისერსმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი ცენტრი ზურგის ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა, ახლა კი, მაიკ ვეინარმა, რომელიც ლას ვეგასში ინდიანელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს, ასევე არადამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა: “ამ დროისთვის, გოგა ჩვენთან ერთად პირადი მიზეზების გამო არ იმყოფება”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უფრო დეტალური ცნობები არ ვრცელდება, ფაქტი კი ისაა, რომ ბითაძეს მომავალი საზაფხულო ლიგის გამოტოვება ნამდვილად არ წააადგება. მიუხედავად იმისა, რომ გოგა მე-3 სეზონს იწყებს ამერიკაში, მას საზაფხულო ლიგაში ჯერაც არ უთამაშია, 2019 წელს ვიზის პრობლემის გამო დააგვიანა და ლას ვეგასში მაშინ ჩავიდა, როცა გუნდი ბოლო მატჩებს თამაშობდა, 2020 წელს კი, საზაფხულო ლიგა მსოფლიო პანდემიის გამო გაუქმდა.

ბითაძე მომავალ ტურნირზე ინდიანელთა ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო და მომავალი სეზონის წინ, თავის გამოჩენის კარგი შანსი ჰქონდა. ამის შესახებ დღემდე წერენ პეისერსის ექსპერტები. მითუმეტეს, ინდიანამ გასულ დრაფტზე 22-ე ნომრად აიზეა ჯეკსონი დაიმატა, რომელიც 210 სმ. სიმაღლის ცენტრია და ქართველი კალათბურთელისთვის წუთების წართმევას ისიც ეცდება.

თუკი სიტუაცია შეიცვალა და ბითაძე ლას ვეგასში მაინც ვიხილეთ, ის ინდიანას ხუთ მატჩში დაეხმარება: 9 აგვისტოს – ვაშინგტონთან, 11-ში – ატლანტასთან, 13-ში – პორტლენდთან, 15-ში – ოკლაჰომა სიტისთან, ხოლო 16-18 აგვისტოს – ჯერაც უცნობ მეტოქესთან.

P.S ბითაძის გუნდში არყოფნის მიზეზი სამწუხარო ამბავია. გოგას მამა (გოჩა ბითაძე) გარდაეცვალა, რომელსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში კვირას დაკრძალავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები