Thumbnail
  • აშშ 97:78 ავსტრალია
  • პოპოვიჩს გუნდს თავიდან პრობლემები ჰქონდა
  • თამაშის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებს ოლიმპიადის სტარტისთვის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელები ფორმაში მალევე შევიდნენ, ახლა უკვე ფინალში არიან და მორიგ ოქროს უმიზნებენ.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ნახევარფინალში ავსტრალიის ნაკრები 97:78 დაამარცხა და ფინალში, რომელიც შაბათს გამთენიისას გაიმართება, სლოვენიას, ან საფრანგეთს შეხვდება. ფინალის მოგების შემთხვევაში ამერიკის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეოთხე ტრიუმფს იზეიმებს. ავსტრალიელები კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ პოპოვიჩის გუნდმა ავსტრალიასთან თამაში არც ისე კარგად დაიწყო - ამერიკელებს პრობლემები ჰქონდათ. თავად განსაჯეთ: პირველი 9 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდეს და მეორე მეოთხედის შუაში 15 ქულის სხვაობითაც კი აგებდნენ. პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ვითარების გამოსწორება - 16:4 გაქცევით.

მეორე ტაიმში ამერიკის ნაკრებს პრობლემები აღარ ჰქონია - საქმის ბოლომდე მიყვანა 12:0 გაქცევით დაიწყო. ამ ფაზაში შეუჩერებელი გახლდათ კევინ დურანტი, ავსტრალიელები კი ბევრს ვეღარაფერს ახერხებდნენ. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ამერიკელებმა 32:10 მოიგეს. საუკეთესოები დურანტი (23 ქულით) და დევინ ბუკერი (20) იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები