Thumbnail

'ლა ლიგა მან უნდა დაიწყოს' - ესპანური მედია და ვალენსიას ფანები მამარდაშვილზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ვალენსიამ "მესტალიაზე" მილანი ტროფეუ ნარანხასთვის მატჩში პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი "ღამურების" 20 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი იყო.

ვალენსიამ ტიტული დაისაკუთრა

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, გიორგიმ კარი მშრალად შეინახა, 5 "სეივი" მიითვალა, მათ შორის ერთი გამორჩეული ბრაიმ დიასის დარტყმის შემდეგ. პენალტების სერიაში კი 4-დან 3 დარტყმულის კუთხე გამოიცნო (მილანელთა ერთი დარტყმა კარს აცდა). საბოლოოდ, ვალენსიას სერია 5:3 მოიგო. 

"მარკამ" გიორგის "ღამურების" წინასასეზონო მატჩების მთავარი სენსაცია უწოდა: "მე-60 წუთზე მამარდაშვილმა, ვალენსიას ერთ-ერთმა მთავარმა სენსაციამ ზაფხულში ბრაიმის დარტყმის შემდეგ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ქართველმა გოლკიპერმა ლეაოსაც კარგი დარტყმა აუღო". 

nostresport.com: "ვალენსიამ ტროფეუ ნარანხა დიდებული მამარდაშვილის წყალობით მოიგო". eldesmarque.com: "მამარდაშვილი ბორდალასის სიახლეა, ის მატჩის გმირია, მის ანგარიშზე მე-2 ტაიმში დღის "სეივია". ამ საიტმა ყველა ფეხბურთელი შეაფასა და ყველაზე მაღალი შეფასება გიორგის დაუწერა - 9 ქულა. 

გიორგის მიმართ ვალენსიას ფანებიც ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. გთავაზობთ მათ ფრაზებს "ტვიტერიდან". 

ვალენსიას ფანები ტვიტერზე

"მამარდაშვილი იმსახურებს გუნდის პირველ მეკარეობას - 100%-ით".

"ვინ არის ეს ბიჭი ვალენსიას კარში? მომწონს ვალენსიას დამოკიდებულება ნიჭიერი მოთამაშეების მიმართ. უნდა მივადევნო თვალყური, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა ვალენსიაში".

"მამარდაშვილს ამ ზაფხულს შანსი მიეცა და მან ის გამოიყენა. მან უნდა დაიწყოს ლა ლიგა. დაე, სხვა გოლკიპერებმა შეუქმნან მას კონკურენცია".

"ჩემთვის ალდერეტე, გილამონი, კორეია და მამარდაშვილი საუკეთესოები იყვნენ. სხვებზე კარგს ვერ ვიტყვი".

"მამარდაშვილი საუკეთესოა. მან დღეს ორი ძალიან კარგი "სეივი" გააკეთა. ლა ლიგა მან უნდა დაიწყოს, სილესენს მისი ამოგდება გაუჭირდება, ხაუმე დომენეკმა და რივერომ იჯარით სხვაგან უნდა ეძებონ გუნდები".

"არ შემეშინდება თქმა - მამარდაშვილი ობლაკზე და ტერ შტეგენზე უკეთესი იქნება".

"გიორგი კასილიას მამარდაშვილი" - "არა, გიორგი კანისარეს მამარდაშვილი. სუპერშოუ დადგა"

"რამხელა დაცულობის შეგრძნებაა, როცა ვალენსიას კარში მამარდაშვილი დგას და არა ჰიპერაქტიური დომენეკი".

"რივეროსთან ბოდიში, მაგრამ ეს სეზონი მამარდაშვილის უნდა იყოს".

"დაცვა და მამარდაშვილი საუკეთესო იყო".

კომენტარები

ბოლო ამბები