Thumbnail

გიორგი მამარდაშვილი დიდი ფეხბურთისთვის ნამდვილად მზად არის! ვალენსიას 20 წლის მეკარე სეზონის წინა მატჩებში უბრალოდ შესანიშნავად თამაშობს და ესპანურ კლუბს ტიტულის მოგებაშიც დაეხმარა, ამხანაგური, მაგრამ მაინც ტიტულის.

ვალენსიამ "მესტალიაზე" იტალიურ მილანს უმასპინძლა და ტროფეო ნარანხა (ნარინჯისფერი თასი) ლომბარდიულ გრანდთან გაითამაშა. ეს არის ჯილდო, რომელიც ვალენსიას დაფუძნებულია და ყოველი სეზონის წინ სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ მისთვის თამაშობს. მთლიანობაში ტროფეო ნარანხა 49-ედ გათამაშდა და ვალენსიამ 30-ედ მოიგო, რაშიც მამარდაშვილის დიდი წვლილია.

მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში იტალიურ მილანთან

ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა და მას 5 "სეივი" ჰქონდა, რაც მთავარია, კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ პირველ ტაიმში სამუ კასტილიეხოს აჯობა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ქართველმა კიპერმა ბურთი უპრობლემოდ აიღო. განსაკუთრებით ეფექტური სეივი მამარდაშვილმა მე-60 წუთზე შეასრულა, როცა ბრაიმ დიასი ზუსტად 11 მეტრიდან ურტყამდა, მეკარის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ვალენსიელთა ქართველმა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მისდამი საქებარი სიტყვები იტალიელ კომენტატორებსაც არ დაუშურებიათ და აღნიშნეს, რომ გიორგიმ პრაქტიკულად პენალტი აიღო. შეიძლება ითქვას, მართლაც ასე იყო. მატჩის მიწურულს ქართველმა კარის დარაჯმა მახვილი კუთხიდან ტეო ერნანდესსაც აჯობა და კარი მშრალად შეინახა. საბოლოოდ, თამაში 0:0 დასრულდა და ნარანხას თასის მფლობელის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

მამარდაშვილმა 4-დან ვერცერთი პენალტი მოიგერია, მაგრამ სამჯერ მილანელი ფეხბურთელების დარტყმის მიმართულება გამოიცნო, ხოლო რადე კრუნიჩის დარტყმა კარს აცდა და ეს გადამწყვეტი გამოდგა. ესპანელებმა 5-ვე პენალტი გაიტანეს და 5:3 მოიგეს.


შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ხოსე ბორდალასმა 20 წლის გოლკიპერს თავის გამოჩენის შანსი ბერძნულ ატრომიტოსთან, კარტახენასთან, ლევანტესთან და, ახლა უკვე, მილანთან შეხვედრებში მისცა, მათ შორის სამ შემთხვევაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ასევე 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ ოთხივე მატჩში შანსი საკმაოდ კარგად გამოიყენა და ფანების მოწონებაც დაიმსახურა.

ვალენსია ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში 13 აგვისტოს ხეტაფეს უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს გამართავს - 7 აგვისტოს ბრენტფორდთან.

კომენტარები

ბოლო ამბები