Thumbnail

უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დინამო ბათუმსა და თურქულ სივასპორს შორის ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, შოთა და არჩილ არველაძეებიც დაესწრებიან. ტყუპები უკვე ბათუმში არიან და გია გეგუჩაძის გუნდის უმნიშვნელოვანეს მატჩზე პოპსპორტთან ისაუბრეს.

შოთა არველაძე: “პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ლაშა ტალახაძის ოქროს და ქართულ სპორტს კიდევ ბევრ ასეთ ტრიუმფს ვუსურვებ. ასევე მინდა, გამარჯვებები მივულოცო ბათუმის დინამოსაც და ვუსურვო წარმატებები ამ ეტაპზეც და მერე პლეი ოფშიც. იმედი მაქვს, ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით და ბევრი კარგი გუნდი ჩამოვა ბათუმში. ყველას გამარჯვებები გვწყურია, ყველა მონატრებულია წარმატებებს. დინამო ბათუმი დიდ საქმესაა შეჭიდებული და იმედი მაქვს, რომ ყველას გაგვახარებს.

სივასპორტი არ არის დაუძლეველი ბარიერი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა. ეს გუნდი მეტწილად კონტრშეტევებზე თამაშობს და წინ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, სივასი ძალისმიერი გუნდიცაა. მწვრთნელიც ასეთი ჰყავთ - უყვარს მოწინააღმდეგის შემოტყუება, ბურთის დათმობა და მერე კონტრშეტევებზე თამაში. რაც შეეხება ბათუმის სტადიონის ატმოსფეროს - ეს გუნდის დამსახურებაა და ამ არაჩვეულებრივი სტადიონის. მე აქ დღეს პირველად ვარ და გაოცებული ვარ, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ლამაზი სტადიონია. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ვეტერანებში - ერთი 25 წუთი.”

არჩილ არველაძე: “ძალიან გახარებული ვარ დინამო ბათუმის წარმატებებით. წინა თამაშზეც ვიყავი და მართალია დავმარცხდით, მაგრამ ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ამ ქალაქს ძალიან უხდება ფეხბურთი და ასეთი ლამაზი სტადიონი. ბატე-სთან საპასუხო მატჩში ბათუმელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. სივასპორი ალბათ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ბატე - თურქეთის ჩემპიონატი ძალიან კარგი დონის ტურნირია. დინამო ბათუმს ერთი პლუსი აქვს - თურქეთში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა. ბათუმელები კი ფორმაში არიან და ევროთამაშებიც კარგად ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, რომ შინ კარგად ითამაშებენ. მინდა, ეს ეტაპი დავძლიოთ და გავახაროთ გულშემატკივარი. მჯერა, ისეთივე კარგი სიტუაცია იქნება სტადიონზე, როგორც ბატე-სთან იყო. დინამო ბათუმს წარმატებას ვუსურვებ.”

დინამო ბათუმისა და სივასპორის წყვილში გამარჯვებულს კონფერენსლიგის პლეი ოფში მეტოქედ პლოვდივის ლოკომოტივსა და კოპენჰაგენს შორის მოგებული ეყოლება.

არველაძეები დინამო ბათუმის თამაშზე

💬 | 'იმედია, ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და ბათუმში ბევრი კარგი გუნდი ჩამოვა' 📺 | შოთა და აჩი არველაძეები სივასპორთან მატჩის წინ 🔗 ვრცლად თამაშზე: bit.ly/DBTvSVS

Posted by popsport on Wednesday, August 4, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები