Thumbnail

PREVIEW | პეტრიაშვილი ფავორიტია, კენჭაძეს რთული ბადე აქვს - რას ველით 5 აგვისტოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ⌚ 06:30 | 🏟 მაკუჰარი | 🤼 ავთანდილ კენჭაძე v ფრანკ ჩამისო. 1/8 ფინალი
  • ⌚ 06:30 | 🏟 მაკუჰარი | 🤼 გენო პეტრიაშვილი v დიააელდინ აბდელმოტალები. 1/8 ფინალი

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ჯამში 7 მედალი აქვს - აქედან ორი ოქრო. 5 აგვისტოს ტოკიოს თამაშებზე კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს - თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). ქართველი გულშემატკივრებისთვის ცუდი ისაა, რომ პირველ ორთაბრძოლას ორივე ერთდროულად იწყებს, კენჭაძე A ხალიჩაზე, პეტრიაშვილი - C-ზე.

ავთანდილ კენჭაძე - კუბელი იტალიელით იწყებს

თავისუფალი ჭიდაობა. -74 კგ.

25 წლის ქართველ ფალავანს პირველივე წრეში მძიმე ორთაბრძოლა ელის. კენჭაძის ყველაზე დიდი წარმატება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლია. მან ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ კი ევროპულ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. აი, მისი პირველი მეტოქე 29 წლის კუბური წარმოშობის იტალიელი ფრანკ ჩამისო კი გაცილებით ტიტულოვანია - ის მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 4-გზის ჩემპიონია, ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. 

თუკი კენჭაძე დაამარცხებს ჩამისოს, 1/4 ფინალში ან ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ტურან ბაირამოვს (აზერბაიჯანი) ანაც გასული ევროპირველობის ბრინჯაოს მედალოსან ვასილ მიხაილოვს (უკრაინა) შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობაში ფინალური ბლოკი მეორე დღეს იმართება, თუმცა კენჭაძეს (ანალოგიურად, პეტრიაშვილს) მედლის დაბევება შეუძლია, თუკი ფინალში გავა. 

გენო პეტრიაშვილი - საოცნებო ფინალის გასანაღდებლად

თავისუფალი ჭიდაობა. 125 კგ.

გენო პეტრიაშვილი წონის ერთ-ერთი ფავორიტია თურქ ტაჰა აკგულთან ერთად. ისინი ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან (თუ 3-3 ორთაბრძოლას მოიგებენ). მოკლედ, გენოსა და ტაჰას საოცნებო ფინალი 6 აგვისტოს უნდა შედგეს, მანამდე კი ქართველი ფალავანი ეგვიპტელით იწყებს. 27 წლის პეტრიაშვილი, რომელიც რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონია, მერვედფინალში დიააელდინ აბდელმოტალებს ეჭიდავება. ის აფრიკის 2-გზის ჩემპიონია. 

გამარჯვების შემთხვევაში, გენო რუს სერგეი კოზირევსა და ჩინელ დენ ჟივეის შორის საუკეთესოს გაეჯიბრება. კოზირევი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, ჟივეის კი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვე მოპოვებული. მოკლედ, ორივე სერიოზული მოჭიდავეა. 

ტოკიო 2020: 5 აგვისტოს მთავარი მოვლენები

ხუთშაბათს, 5 აგვისტოს ოლიმპიური მედლები სპორტის 13 სახეობაში გათამაშდება, სულ 29 კომპლექტი:

მძლეოსნობა (ვაჟები 400 მ)
მძლეოსნობა (ვაჟები 110 მ. წინაღობებით)
მძლეოსნობა (სამხტომი)
მძლეოსნობა (ბირთვის კვრა)
მძლეოსნობა (სპორტული სიარული 20 კმ)
მძლეოსნობა (ქალები ჭოკით ხტომა)
კრივი (ვაჟები 52 კგ)
კრივი (ვაჟები 57 კგ)
კრივი (ვაჟები 75 კგ)
კრივი (ქალები 60 კგ)
კანოე სპრინტი (ვაჟები კაიაკი 200 მ)
კანოე სპირნტი (ვაჟები კაიაკი 1 000 მ)
კანოე სპრინტი (ქალები კაიაკი 500 მ)
კანოე სპრინტი (ქალები კანოე 200 მ)
ველოტრეკი (ვაჟები ომნიუმი)
ველოტრეკი (ქალები კეირინი)
წყალში ხტომა (ქალები 10 მ)
ფეხბურთი (ქალები)
ჰოკეი (ვაჟები)
კარატე (ქალები კატა)
კარატე (ქალები კუმიტე)
კარატე (ვაჟები კუმიტე)
მარათონული ცურვა (ვაჟები 10 კმ)
სკეიტბორდინგი (ვაჟები პარკი)
კლდეზე ცოცვა (ვაჟები კომბინაცია)
მაგიდის ჩოგბურთი (ქალები გუნდური)
ჭიდაობა (ქალები 57 კგ)
ჭიდაობა (ვაჟები თავისუფალი 57 კგ)
ჭიდაობა (ვაჟები თავისუფალი 86 კგ)

კომენტარები

ბოლო ამბები